არჩილ ტატუნაშვილის საქმე

გახარია: ყველაფერს ვაკეთებთ ტატუნაშვილის ცხედრის უმოკლეს ვადაში გადმოსასვენებლად

გიორგი გახარია
ტაბულა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შს მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული" - აცხადებს შსს.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კი, ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევს, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს. მათი განცხადებით, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები უფრო ფართომასშტაბიან და მწვავე ფორმას მიიღებს. ცნობისთვის, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალი.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში გუშინდელი არაგეგმური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები