ლომჯარია ხანძარზე: ჩნდება კითხვები, ხომ არ არის განზრახ ქმედება

ტაბულა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ხანძრებთან დაკავშირებით კითხვები მანამდე იარსებებს, სანამ წინა წლებში გაჩენილი ხანძრების გამომწვევი მიზეზები არ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე გუშინ გაჩენილ ხანძარზე საუბრისას თქვა. 

„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არცერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია კითხვებზე პასუხი, რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ის კითხვები, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება." - ამბობს ლომჯარია.

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძარი რამდენიმე საათია, ლოკალიზებულია, თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

კომენტარები