ბორის ჯონსონი

ჯონსონი: თუ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, დავბომბავთ

PA

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით თუ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დამტკიცდება დიდი ბრიტანეთი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო თავდასხმაში მონაწილეობას მიიღებს.

"თუ გვეცოდინება რა მოხდა, და ამის დემონსტრაციას შევძლებთ, და თუ იქნება ქმედების შემოთავაზება, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა სასარგებლო იქნება, მაშინ ამას სერიოზულად განვიხილავთ." თქვა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი განცხადება თებერვლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა:

"ჩვენ დავარტყამთ იმ ადგილს, სადაც ეს თავდასხმები მზადდება." უთხრა მან ჟურნალისტებს. მაკრონის თქმით ქიმიური იარაღი მისი მთავრობისათვის "წითელი ხაზია".

თუმცა, მისივე თქმით, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ-ჯერობით ვერ იპოვეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება.

"როგორც კი მტკიცებულება იქნება, გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი. პრიორიტეტი ტერორისტებთან ბრძოლაა." თქვა მან.

იანვარში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სავარაუდოდ ქიმიური ბომბის ჩამოგდების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას უარყოფს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით შესაძლოა სირიის მთავრობა ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს და დონალდ ტრამპი მზადაა ამ იარაღის გამოყენების თავიდან ასარიდებლად დამატებითი სამხედრო ქმედებების აუცილებლობა განიხილოს.

მათი თქმით ბაშარ ალ-ასადმა სირიის ქიმიური იარაღის ნაწილი საიდუმლოდ შეინახა მიუხედავად რუსეთის და აშშ-ის შეთანხმებისა, რომელის მიხედვითაც სირიას მთელი იარაღი გასანადგურებლად უნდა გადაეცა. ისინი ვარაუდობენ, რომ რადგან ასადის რეჟიმს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ასაღებად საკმარისი ძალა არ აქვს, შესაძლოა მათ მცირე ქიმიური თავდასხმები ტერორის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

აეროს ანგარიში მიხედვით სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების შეეხებოდა, ვეტო სამჯერ დაადო.

 

კომენტარები