არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ომბუდსმენი ტატუნაშვილზე: მაქსიმალურად ცდილობენ ცხედრის დამალვას

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, დეფაქტო ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება მიზანიმართულად ჭიანურდება. ომბუდსმენის თქმით, ოკუპანტების მიზანია - ექსპერტიზამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინოს.

"ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ალბათ, საერთაშორისო მექანიზმებითა და რეაგირების გზით მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ დროულად გადმოიცეს ცხედარი,"- თქვა ლომჯარიამ. 

გუშინ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნატახტარში ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან რადიკალურ ქმედებებს მოითხოდვენ, რათა ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს დროულად გადასცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. 

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვეს.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები