კალაძე: თერგის ადმინისტრაცია შეხვდება დაზარალებულებს, მათ ექნებათ შეღავათი იჯარაზე

ტაბულა

თბილისის მერის ინფორმაციით, შპს თერგის სავაჭრო ცენტრების, "თერგისა" და "ქალაქის გულის" აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ექსპერტები ტერიტორიზე მუშაობას დაასრულებენ. კახა კალაძე ამბობს, რომ შეხვდა ბაზრის ადმინისტრაციას და დაზარალებულებს ექნებათ შეღავათები.

"ხანძარის ლოკალიზება უკვე მოხდა. გვქონდა შეხვედრა ადმინისტრაციასთან. უკვე შესულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მუშაობენ. როგორც კი ისინი თავიანთ სამუშაოს დაასრულებენ, მაშინვე დაიწყება დამწვარი ფართის აღდგენითი სამუშაოები. მანამდე, დროებით, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, გვერდით ფართებში განთავსდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იჯარის თანხებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ზარალს, ადმინისტრაცია მზადაა, ინდივიდუალურად შეხვდეს თითოეულ ადამიანს და გაიარონ ხელშეკრულებები. უნდა მოხდეს აღწერა, რა საქონელზეა საუბარი და შემდეგ ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - აცხადებს თბილისის მერი.

კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შენობის ელექტროობა გაუმართავი იყო.

"როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროობა მთლიანად. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა. ალბათ დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზებიც", - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძეს არ აქვს ინფორმაცია არის თუ არა შპს თერგის მფლობელებს შორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის მამა.

"რაღაც ნაწილი მემგონი [არის], დეტალები არ ვიცი, ვინ არის მესაკუთრე, თუმცა ეს არაფერს ცვლის", - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი 26 თებერვალს, გვიან ღამით გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ დამწვარი ბაზრობა ორი დღის შემდეგ, 1 მარტს სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სწორედ 1 მარტს უნდა ამოქმედდეს მთავრობის დადგენილება, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის სავალდებულო წესით დაზღვევა დაევალებათ.

 

კომენტარები