არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სახ.დეპ ტატუნაშვილზე: სრულყოფილად გამოიძიეთ ამ ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს.

აშშ ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებით. მოვუწოდებთ, მათ თავისუფლად დაბრუნების საშუალება მისცენ.

ამერიკის შეერთებული შტატები მოგიწოდებთ, ამ ტრაგიკული შემთხვევის დეტალების სრულყოფილი გამოძიებისკენ. აშშ აგრძელებს ყველა ჩართული მხარის ხელშეწყობას, რათა მიიღონ დამატებითი ზომები ორმხრივ ნდობასა და გამჭვირვალეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე" - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

კომენტარები