სირია

5-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტას დაბომბვა განახლდა

აღმოსავლეთ ღუტა, სირია
Getty Images

სირიაში, დამასკოს ახლოს, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას დაბომბვა კვლავ განახლდა. გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რეგიონში ცეცხლი 5 საათით შეწყდა, რათა მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ყოფილიყო შესაძლებელი.

მიუხედავად მცირე დროით ცეცხლის შეწყვეტისა, ჰუმანიტარული დახმარების რეგიონში შეტანა ვერ მოხერხდა. რუსეთის თქმით ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას ხელი ამბოხებულების მხრიდან ცეცხლის გახსნამ შეუშალა. ამბოხებულები რუსეთის განცხადებას "აშკარა ტყუილს" უწოდებენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით მიუხედავად დაპირებისა, რომ 9-დან 2 საათამდე ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნებოდა, დაპირისპირება არ შეწყვეტილა და შესაბამისად არ ჰქონიათ საშუალება დაეტოვებინათ ალყაში მოქცეული ტერიტორია ან მიეღოთ საკვები და მედიკამენტები. მათი თქმით მხოლოდ საჰაერო დარტყმების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ასადის რეჟიმის ძალები რეგიონზე თავდასხმას მაინც აგრძელებდნენ. მოსახლეობის თქმით მათ თავშესაფრები არ დაუტოვებიათ, რადგან ასადის რეჟიმს და რუსეთს არ ენდობიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ასადის რეჟიმს მხარს უჭერს და ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებით აღმოსავლეთ ღუტას სირიის სამხედრო ძალების გარდა რუსული თვითმფრინავებიც ბომბავენ. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც დაბლოკა, თუმცა საბოლოოდ შაბათს რეზოლუცია მიიღეს და სირიაში მოქმედ ძალებს სამხედრო ოპერაციების 30-დღიანი შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. რეზოლუცია არ ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებზე. ასადის რეჟიმის მტკიცებით აღმოსავლეთ ღუტაში ისინი სწორედ ტერორისტებს ებრძვიან.

აღმოსავლეთ ღუტაში, რომელიც 2013 წლიდან ასადის რეჟიმის ძალებს ალყაში ყავთ მოქცეული, 400,000 ადამიანი ცხოვრობს. რეგიონი უკანასკნელი კვირის მანძილზე ინტენსიურად იბომბებოდა. დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები