ქიმიური იარაღი

გაეროს ანგარიშის მიხედვით ჩრდ. კორეა სირიას ქიმიური იარაღის დამზადებაში ეხმარება

AFP

გაეროს ანგარიშის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სირიას ინსტრუმენტებს აწვდის, რომელიც ქიმიური იარაღის დასამზადებლად შეიძლება გამოიყენონ.

ანგარიშში ნახსენებია აქამდე უცნობი 40 გზავნილის შესახებ 2012 წლიდან 2017 წლის შუალედში. მასალები მოიცავს მჟავა-გამძლე სარქველებს და მილებს. სირიის მთავრობის სამეცნიერო კვლევების სააგენტომ სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით გადაუხადა.

ანგარიში ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს რეზოლუციის შესრულების საკითხზე შექმნილმა გაეროს ექსპერტების ჯგუფმა შეადგინა. მისი სრული ტექსტი ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა, თუმცა BBC-ს ცნობით მასში ასევე საუბარია იმაზე, რომ სირიაში, იარაღის დამამზადებელ ცენტრებში ჩრდილოეთ კორეელი რაკეტების სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ.

ანგარიში სირიის რეჟიმის ძალების მიერ ქლორის გაზის გამოყენების ახალ ბრალდებებს მოჰყვა, რასაც ასადის რეჟიმი უარყოფს.

გაეროს 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის აკრძალული ქიმიური, ბალისტიკური რაკეტების და სხვა იარაღის თაობაზე თანამშრომლობას იძიებენ.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით ბაშარ ალ-ასადმა სირიის ქიმიური იარაღის ნაწილი საიდუმლოდ შეინახა მიუხედავად რუსეთის და აშშ-ის შეთანხმებისა, რომელის მიხედვითაც სირიას მთელი იარაღი გასანადგურებლად უნდა გადაეცა.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ ასადის ძალები ამ იარაღს ავითარებენ და აპრილის შემდეგ მცირე რაოდენობით იყენებენ, რამაც სირიის სამხედრო ბაზებზე აშშ-ის საჰარო თავდასხმა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ რადგან ასადის რეჟიმს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ასაღებად საკმარისი ძალა არ აქვს, შესაძლოა მათ მცირე ქიმიური თავდასხმები ტერორის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

გაეროს ანგარიში მიხედვით სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების შეეხებოდა, ვეტო სამჯერ დაადო.

კომენტარები