სიღარიბე

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.6%-ს აქვს თვეში 5,000 ლარზე მეტი შემოსავალი

benjielayug.com

ვიცით რომ ჯერ კიდევ ღარიბები ვართ, მაგრამ რამდენად ღარიბები?

ტაბულამ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკა იმის შესახებ თუ რა არის მოსახლეობის შემოსავლები, ასევე რამდენ ადამიანს აქვს წელიწადში თუნდაც 1 ლარის შემოსავალი. სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს აქვს, მათი 20%-ის შემოსავალი კი თვეში 100 ლარზე ნაკლებია. მოკრძალებულია მათი რაოდენობა ვისაც 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და ის მოსახლეობის 0.62%-ს შეადგენს. წელიწადში 100000 ლარზე (თვეში 8333 ლარი) მეტი შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.25%-ს აქვს. 

რამდენად დიდია არაფორმალური სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი (2016) წელი, ამავე წელს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკით შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონს აქვს. შესაბამისად ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, ვისაც საქსტატი დასაქმებულად თვლის წლის განმავლობაში არცერთი თეთრის შემოსავალი არ აქვს. 

ისინი, ვისაც სტატისტიკა დასაქმებულად თვლის, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ თვითდასაქმებულები არიან. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1.76 მილიონია, საიდანაც 1.015 მილიონი თვითდასაქმებულია, 747 ათასი კი - დაქირავებით დასაქმებული. თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, რომლებსაც სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ თვლის, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიღების მიზნით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან.

შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის შემცირება დაბალი ტემპით ხდება. 2009-2012 წლებში მათი რაოდენობა ვისაც შემოსავალი აქვს 760 ათასიდან 1.1 მილიონამდე გაიზარდა, 2012-2017 წლებში კი არაფორმალური სექტორის შემცირების ტემპი ბევრად დაეცა, მეტიც 2015 წელს ჩავარდნაც კი მოხდა, როდესაც დეკლარირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა 20 ათასით შემცირდა.

რა არის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი

შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს მოსახლეობის განაწილებას მათი შემოსავლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს 230 ათას მოქალაქეს აქვს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 125 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს - 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი) მხოლოდ 9.6 ათას მოქალაქეს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.25%-ს აქვს.

სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

როგორ შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლები 2009-2017 წლებში

2009 წლიდან დღემდე მოსახლეობის შემოსავლების გადანაწილებაში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოება რომ გაზრდილია მათი რაოდენობა, ვინც დეკლარირებულ შემოსავალს იღებს. ამავდროულად, ჩანს რომ ყველაზე დაბალი შემოსავლების ჯგუფიდან მოსახლეობის გადანაცვლება მოხდა შედარებით მაღალ (600-800 ლარის) საშემოსავლო ჯგუფებში. ასეთივე წანაცვლება შეიმჩნევა უფრო მაღალ საშემოსავლო ჯგუფებშიც. 

კომენტარები