ევროპული საქართველო

თარგამაძე ენმ-ს: სადაც ხაბეიშვილს, იქვე პოროშენკოს მრჩეველ ვაშაძესაც დაუჭირეთ მხარი

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ Facebook-ზე 2017 წლის 22 დეკემბერს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა კრებაა ასახული. "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩეველია. თარგამაძე აღნიშნავს, რომ სანამ ვაშაძე "კომფორტულადაა მოკალათებული" პოროშენკოს მრჩევლებს შორის, უკრაინის პრეზიდენტის მიერ "დევნილი პრეზიდენტი სააკაშვილი სახურავებზე დარბის".

თარგამაძე აქვეყნებს 2017 წლის 22 დეკემბერს გადაღებულ ფოტოს, სადაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველეთა კრებაა ასახული. "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩეველია. თარგამაძე აღნიშნავს, რომ სანამ ვაშაძე "კომფორტულადაა მოკალათებული" პოროშენკოს მრჩევლებს შორის, უკრაინის პრეზიდენტის მიერ "დევნილი პრეზიდენტი სააკაშვილი სახურავებზე დარბის". 

"მანამდე, 2016 წლის მაისში ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილისგან მოღალატისა და ჩხარტიშვილ-ივანიშვილის ფულზე გაყიდულის სახელი დაიმსახურა. ხოდა, ძვირფასო ნაციონალებო, დაუჭირეთ ბატონ ვაშაძეს მხარი, დაუჭირეთ, ბოლოს და ბოლოს, სადაც ხაბეიშვილი ფავორიტად გყავთ, ვაშაძის მხარდაჭერა რა გახდა? თანაც, იძახის, მხარი იდეას უნდა დავუჭიროთო. სააკაშვილმა - იდეა მე ვარო. ხოდა, როდესაც ასეთი ჰარმონიაა, პრინციპები, თანმიმდევრულობა, ლოგიკა და დაბნეული ხალხის მიმართ პატიოსანი დამოკიდებულება, აბა, რა დროსია..." - წერს თარგამაძე. 

აღნიშნული განცხადება თარგამაძემ ვაშაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ახალი საქართველოს ლიდერმა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და პოლიტიკური ძალები სამ კატეგორიად დაყო: 

"1. ეს არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ სიტუაციას, ამ ჭაობში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ და, ფაქტობრივად, არიან ხელისუფლების სატელიტები. 2. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლის როლში და, ფაქტობრივად, ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ არსებული სიტუაციის შენარჩუნებას. 3. პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, სჯერათ საქართველოს მომავლის, უნდათ სიახლე ქართულ პოლიტიკაში, უნდათ ახალი ენერგია და ახალი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და მზად არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს სრულიად ახალი განვითარების პერსპექტივა." 

გიორგი ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის 5 მაისს დატოვა და მოძრაობა "ახალი საქართველო" დააარსა. მას თან გაყვა თანაგუნდელი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვაშაძის პარტიის სახე იყო, თუმცა არჩევნების დროს მან "ახალი საქართველო" დატოვა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იყარა კენჭი თბილისის საკრებულოსთვის, სადაც პარტიული სიით მიიღო კიდეც მანდატი. 

კომენტარები