კორუფცია

ნაცვლიშვილი ქრთამზე: ვწუხვარ, რომ თემურ გორგაძეს ასეთი შეცდომა მოუვიდა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მისი ყოფილი თანამშრომლის, საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძის მიერ ქრთამის აღების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნაცვლიშვილი მომხდარს დაუჯერებელს უწოდებს.

'ჩემთვის ეს ფაქტი დაუჯერებელია, რადგან ადამიანს ატყობ, საკითხებზე როგორი დამოკიდებულება აქვს. მის გამო ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოუვიდა. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანი შორეული არ იყო, ორი წელი ერთად გავატარეთ", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ამბობს ნაცვლიშვილი.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

"2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11  წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

თემურ გორგაძე თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იქამდე, ის ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარის ბექა ოდიშარიას ოფისის ხელმძღვანელი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები