ბლოგი

ნუ იტყვი, რომ ფემინისტი არ ხარ

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. აშშ-ში მთელი მარტის მანძილზე ქალთა ისტორიის თვე აღინიშნება. ჩვენ - სამ მარტს დედის დღეს აღვნიშნავთ. მარტის დადგომის და გენდერულ თანასწორობასა თუ ქალებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების მატების პარალელურად, იმატებს ქალთა უფლებებზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და გენდერულ კვოტებზე დისკუსიები, სიუჟეტები, სტატიები, უკბილო ხუმრობები და ასეთი ბლოგებიც.  

იმატებს მეთქი, ვამბობ, მაგრამ ჩემ გარშემო მუდამ არის ამ თემებზე გაცხარებული მსჯელობა და საუბარი. მარტო "ნიუსებს" და სოციალურ ქსელებს არ ვგულისხმობ - მეგობრები მყავს ისეთი "გაქანებული" ფემინისტები, რომ ბიუსტჰალტერების დაწვისა და პარლამენტის შენობის წინ “ჩემი ფუჩუ ჩემიას” ყვირილისთვის ბევრი არაფერი დაუკლიათ. თან, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა - თუ მარტში გენდერული კვოტების კანონპროექტი არ გავიდა სამივე მოსმენით და მაღალი კვორუმით.

ჰოდა, ამ შუა სამარტო ჟრიამულში, ერთ ჩვეულებრივ დღეს აღმოვჩნდი რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში, საიდანაც უმრავლესობამ განაცხადა, რომ “ვერ იტანენ ფემინისტებს” და, რაღა თქმა უნდა, არც თვითონ მიიჩნევენ თავს ასეთებად. თან ერთი-ორი “ოდიოზიური” ქართველი ფემინისტის მაგალითიც მოიყვანეს, მეტი დამაჯერებლობის და სიმწვავისთვის. დანარჩენებმა თავი შეიკავეს აზრის დაფიქსირებისგან, მაგრამ ცხადი იყო, რომ მათი დუმილი ფემინისტურ იდეებთან თანხმობის ნიშნად არ უნდა მიმეღო, მხოლოდ პირიქით. რატომ გამიკვირდა, ან რამ გამაბრაზა, არ ვიცი - ეს არც პირველი და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი მსგავსი საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე.

მე ფემინისტი ვარ. ფემინისტი არ გავმხდარვარ ცხოვრების რომელიმე გარდამტეხი ეტაპის, მოვლენის ან გამოცდილების, ან თუნდაც განათლების კონკრეტული საფეხურის შემდეგ, რაც თავი მახსოვს ასეთი ვარ. ცხადია, 15 წლის არ ვფიქრობდი ჩემთვის - ჰმ, ფემინისტი ვარ-მეთქი. მგონი, იყო პერიოდი, როცა მეც მეგონა - ფემინისტები ცოტა უცნაური, ცოტა აგრესიული, ცოტა საშიში, ცოტაც ეგზოტიკური და აუცილებლად მასკულინური ტიპები უნდა ყოფილიყვნენ, დაახლოებით მდედრი კომბლეები - რაღაცეებს რომ თლიან და ჭერში აწყობენ. თუმცა თანასწორობის იდეა და უთანასწორობის მიმართ პროტესტი ყოველთვის იყო ჩემში. უბრალოდ, როდესღაც თანასწორობა და ფემინიზმი ერთმანეთს დავაკავშირე. ეს იყო და ეს. მას მერე ყველგან ვამბობ, რომ ვარ ფემინისტი და მიკვირს მათი, ვინც ამბობს, რომ არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანებიც უფრო მეტად ფემინისტები არიან, ვიდრე - არა.

ფემინისტობასთან დაკავშირებული ეს სტერეოტიპები მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის. სხვადასხვა სოციოლოგიული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი სულაც არ თვლის თავს ფემინისტად. მაგალითად, იფსოსის 2017 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 24 ქვეყანაში გამოკითხულთა საშუალოდ ნახევარზე ცოტა მეტი მიიჩნევს თავს ფემინისტად, აქედან გერმანიაში - მხოლოდ 37%. ვაშინგტონ პოსტისა და კაიზერ ფემილი ფონდის ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი კვლევის მიხედვით, ათიდან მხოლოდ ექვსი ქალი და მამაკაცების მხოლოდ მესამედი თვლის თავს ფემინისტად. საინტერესოა, რომ ბრიტანელების ორი მესამედი მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, მაგრამ გამოკითხულთა მხოლოდ 7% მიიჩნევს თავს ფემინისტად.

რაც შეეხება საქართველოს, გენდერული თანასწორობის და ფემინიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ საქართველოში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული ეროვნული მასშტაბის წარმომადგენლობითი კვლევის მიხედვით, არც ჩვენ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გამოკითხულთა 34%-ს უარყოფითი ასოციაცია აქვს ფემინიზმთან; 26%-ს დადებითი, ხოლო 39%-მა - არ იცის/არ აქვს პასუხი.

ნათელია, რომ როგორც მინიმუმ, ინფორმაციის ვაკუუმთან გვაქვს საქმე. ასევე ცხადია, რომ საჭიროა უკეთესად და სტრატეგიულად დაგეგმილი კომუნიკაცია, იმისთვის, რომ დავამარცხოთ ფემინიზმთან ასოცირებული სტერეოტიპები და სტიგმა. ჩემი აზრით, სწორედ ფემინისტებს გვაქვს მეტი პასუხისმგებლობა, უკეთესად ავხსნათ, ვინ ვართ და რომ არც ისე საშიშები და დამთრგუნველები ვართ, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ვჩანდეთ.

როგორ უნდა ავხსნათ ფემინიზმი? როგორ დავანახოთ ჩვენს მშობლებს, ქმრებს, ცოლებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს, შვილებს, რომ ფემინიზმი არ არის კაცების სიძულვილი და დევნა, მაინცდამაინც იღლიაში თმა, თავში ქვა და მუცელში სამართებელი? მგონია, რომ სარკეში უნდა ჩავახედოთ. დავანახოთ, რომ ფემინიზმი იმაზე მეტია მათში, ვიდრე ფიქრობენ. იმიტომ, რომ სინამდვილეში ძალიან მარტივია. ფემინისტი ხარ, თუ:

  • ფიქრობ, რომ ქალს და მამაკაცს თანაბრად, თავისუფლად უნდა შეეძლოს აზრის გამოთქმა ნებისმიერ თემაზე;
  • დაუშვებლად მიგაჩნია ადამიანების ჩაგვრა, მითუმეტეს, გენდერული ნიშნით;
  • მიგაჩნია, რომ შენი შვილები - გოგოც და ბიჭიც - ერთნაირად იმსახურებენ საუკეთესო განათლებას;
  • გწამს, რომ ადამიანებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ პროფესიის არჩევა, განურჩევლად სქესისა;
  • ფიქრობ, რომ შენს საქმეს ისეთივე წარმატებით ასრულებ, თუ უკეთესად არა, როგორც შენი საპირისპირო სქესის კოლეგა;
  • გჯერა, რომ ქალების და კაცების ანაზღაურება ერთი და იგივე სამუშაოსთვის თანაბარი უნდა იყოს;
  • ფიქრობ, რომ ქალებს და კაცებს შეუძლიათ ერთნაირად წარმატებით მიიღონ გადაწყვეტილებები, მათ შორის პოლიტიკაში.

ეს სია გრძელია. ისეთი გრძელი, რომ ყველა ადეკვატურ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს, რამდენიმე პუნქტში მაინც. ესაა და ეს. ამიტომ ნუ იტყვი, რომ ფემინისტი არ ხარ.

კომენტარები