ელექტრონული პირადობის მოწმობა

1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

0 კომენტარი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო. მინისტრის განმარტებით, ამის მიზანი საარჩევნო სიის დახვეწაა. აქცია 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანის განცხადებით, ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 2018 წელს საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს.

მინისტრის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ:

  • საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
  • მოქალაქეები რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ  მისამართზე;

აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება.

"შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს - "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა", და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა;

"2 400 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა; აქედან 1 400 000-მდე პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით - უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისაგან", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 500 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 250 000-მდე მოქალაქე - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 700 000- მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

"თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეის მდგომარეობით ბაზაში 3 506 573 პოტენციური ამომრჩეველია, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო მონაცემების უდიდესი ნაწილი დაზუსტებული და უტყუარია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არჩევნების სანდო პირობებში ჩატარებას", - აღნიშნავენ უწყებაში. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები