იტალიის საპარლამენტო არჩევნები 2018

რა უნდა იცოდეთ იტალიაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიები ან უკვე არსებული კოალიციები შექმნიან მთავრობას და აირჩევენ ახალ პრემიერმინისტრს. შესაბამისად პარტია ან კოალიცია რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს განსაზღვრავს იტალიის საშინაო პოლიტიკას და საგარეო კურსს რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იტალიაზე, არამედ ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე ევროპაში და რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე.

იტალია ევროპის სიდიდით მეოთხე ეკონომიკას ფლობს და ამასთანავე საბერძნეთის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვალი აქვს, რომელიც ქვეყნის მშპ-ს 135%-ს შეადგენს. 2016 წელს პრემიერმინისტრ მატეო რენცის გადადგომის შემდეგ პოსტი დროებით რენცის დემოკრატიული პარტიის წევრმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ დაიკავა. რენცი თანამდებობიდან საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ გადადგა. რეფორმები საარჩევნო სისტემის ცვლილებას, სენატის უფლებების შემცირებას და მისი 315 წევრის რეგიონული საბჭოებიდან არჩეული 100-წევრიანი აპარატით ჩაანაცვლებას გულისხმობდა და ამასთანავე პრემიერმინისტრის ძალაუფლებას ზრდიდა. რენცი აცხადებდა, რომ ცვლილება ქვეყანას სტაბილურობას მოუტანდა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას გაამარტივებდა და თქვა, რომ თუ ხალხი მას მხარს არ დაუჭერდა თანამდებობას დატოვებდა, რაც შეასრულა კიდეც.

პაოლო ჯენტილონი
ფოტო: Local Italy

არჩევნებზე ხმის მიცემა ახალი საარჩევნო კანონის მიხედვით მოხდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ერთი პარტიის მიერ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას გაართულებს. ცვლილება კოალიციების შექმნის ხელშეწყობას ემსახურებოდა, თუმცა შესაძლოა მთავრობის ფორმირების პროცესი შეაფერხოს.

საარჩევნო რეფორმა მიმდინარე წლის ოქტომბრში გატარდა და იტალია შერეულ პროპორციულ სისტემაზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ზემო და ქვემო პალატის ორ მესამედი პარტიული სიებით, ხოლო დარჩენილ ერთი მესამედი ოლქში გამარჯვებულებით შეივსება. პარლამენტის ქვედა პალატაში (Camera dei Deputati) 630, ხოლო ზედა პალატაში (Camera del Senato) 315 წევრია. პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ხოლო წინასწარ გამოცხადებული კოალიციისათვის ბარიერი 10%-ია.

არჩენების წინ მთავარ თემებს ეკონომიკური კრიზისი, მიგრაციის საკითხი, უმუშევრობა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კორუფცია წარმოადგენს. პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარტიებს რეალისტური წინასაარჩევნო დაპირებების კეთებისაკენ მოუწოდა.


ფოტო: Reuters

2017 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ გამოკითხვაში იტალიელთა 36%-მა თქვა, რომ მათი აზრით ევროკავშირის წევრობა კარგია. ეს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე 21%-ით ნაკლებია. იტალიაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ კვიპროსსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას. გამოკითხულთა 61% ემხრობა იმ აზრს, რომ ევროკავშირის დონეზე მეტი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გამოკითხვის მიხედვით ამომრჩევლებისათვის მთავარი პრიორიტეტი მიგრაციის პოლიტიკაა. მათი დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვეყანა ევროკავშირმა “მიატოვა”.

პარტიები:

მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია

ლიდერი: სილვიო ბერლუსკონი

შემავალი პარტიები: Forza Italia, Liga Nord, Fratelli d’Italia, Noi con l’Italia

სილვიო ბერლუსკონი
ფოტო: Reuters

Forza Italia

მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, რომლის ლიდერიც ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონია. მიუხედავად იმისა, რომ ბერლუსკონის გადასახადებისათვის თავის არიდების გამო ოფიციალური პოსტის დაკავება 2019 წლამდე აქვს აკრძალული, ის წინასაარჩევნო პროცესში აქტიურადაა ჩართული.

პარტია ქვეყნის შიგნით გამოყენებისათვის “პარალელური ვალუტის” შემოღებას და ევროს საერთაშორისო ვაჭრობისათვის დატოვებას აპირებს. გარდა ამისა პროპორციული საგადასახადო სისტემის დანერგვას კომპანიებისა და ინდივიდებისათვის, საცხოვრებლის, სამემკვიდრეო და საგზაო გადასახადების მოხსნას, პენსიის გაორმაგებას და საშემოსავლო მინიმუმის თვეში 1,000 ევრომდე გაზრდას აპირებს. მიგრაციასთან დაკავშირებით პარტია და ბერლუსკონი ამომრჩეველს ჰპირდებიან, რომ ახალ მიგრანტებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს და 600,000 მიგრანტს გააძევებენ. ბერლუსკონიმ მიგრანტებს “ასაფეთქებლად გამზადებული სოციალური ბომბი” უწოდა და თქვა, რომ როდესაც მთავრობაში მოვლენ ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას მეტ რესურსებს მოახმარენ, ქუჩებში პოლიციის რაოდენობას გაზრდიან და “უსაფრთხო ქუჩების” ინიციატივას დააბრუნებე, რაც პოლიციელებთან ერთად ქუჩებში ჯარისკაცების პატრულირებას გულისხმობს.

ამჟამად პარტია წინასაარჩევნო კოალიციაში მემარჯვენე-პოპულისტურ “ჩრდილოეთის ლიგასთან” და მემარჯვენე ნაციონალისტურ “იტალიის ძმებთანაა”. წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ კოალიცია პარლამენტში 295 ადგილს მოიპოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი პარტიიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა Forza Italia-ს აქვს, რადგან ბერლუსკონი თანამდებობას ვერ დაიკავებს, შესაძლოა პრემიერმინისტრის პოსტი “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა, მატეო სალვინიმ დაიკავოს. ბერლუსკონიმ თქვა, რომ პერმიერმინისტრის პოსტზე ევროპარლამენტის თავმჯდომარის, ანტონიო ტაიანის კანდიდატურას განიხილავს. მისი თქმით ამ პოსტზე კიდევ ორ კანდიდატი ჰყავს, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმირ პუტინი
ფოტო: ANSA

ბერლუსკონის და პუტინის ახლო ურთიერთობების შესახებ წლებია ცნობილია. გარდა სოჭსა და სარდინიაზე ერთმანეთის ვილების სტუმრობისა, WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბერლუსკონის რუსეთთან ბიზნეს ინტერესებიც აკავშირებს. პუტინთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ყოფილმა პრემიერმა 2008 წელს ისიც განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომში აგრესორი საქართველო იყო და აშშ-მა რუსეთის პროვოცირება კოსოვოს მხარდაჭერით მოახდინა. ალექსანდერ ლიტვინენკოს ოჯახმა კი ბერლუსკონი მათთვის თავშესფრის დაბლოკვაში დაადანაშაულა. ყირიმში ვიზიტისას მან 2014 წლის რეფერენდუმს “დემოკრატიული” და “ვალიდური” უწოდა და აღნიშნა, რომ “მსოფლიოს ნომერ პირველ ლიდერს” ყირიმში დიდი სიყვარულით ეგებებიან.

ბერლუსკონის საჩუქარი პუტინის 65-ე დაბადების დღეზე - ბუმბულის საბანი მათი სურათით
ფოტო: Dailymail

სანაცვლოდ პუტინსაც არაერთხელ დაუცავს ბერლუსკონი მისი მისამართით გამოთქმული არაერთი ბრალდებისაგან. მაგალითად, როდესაც იტალიის პრემიერი არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს პუტინმა თქვა: “ბერლუსკონის ქალებთან წოლის გამო ასამართლებენ. გეი რომ ყოფილიყო თითსაც არავინ დააკარებდა.” პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ბერლუსკონიმ თქვა, რომ პუტინს სურდა მისთვის რუსეთის მოქალაქეობა მიეცა და კრემლში ეკონომიკის მინისტრად დაენიშნა.

მატეო სალვინი
ფოტო: AFP

ჩრდილოეთის ლიგა (Liga Nord)

რადიკალური მემარჯვენე პარტია, რომელიც თავდაპირველად იტალიის ჩრდილოეთ რეგიონების დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ის მხარს უჭერს “პარალელური ვალუტის” შემოღებას, ევროკავშირის საგადასახადო შეთანხმების გაუქმებას, რომელიც დიდი ვალის მქონე ქვეყნებს საბიუჯეტო შემცირებებს ავალდებულებს, საპენსიო ასაკის შემცირებას, მკაცრი იმიგრაციის პოლიტიკას და წელიწადში 100,000 არალეგალი მიგრანტის სამშობლოში გაბრუნებას. პარტიას ასევე აქვს კრიმინალზე სასჯელის გამკაცრების, საროსკიპოების ხელახლა გახსნის და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივები.

პარტიის ლიდერი, მატეო სალვინი საფრანგეთის უკიდურესად მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლე პენის მეგობარია და ამავე დროსაცხადებს, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. სალვინის სლოგანია “იტალია პირველია.”

ლიგის დეპუტატი პაოლო გრიმოლდი BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ იტალიას უნდა ჰქონდეს იმის არჩევის უფლება, თუ ვინ იცხოვრებს ქვეყანაში.

“უმჯობესია მივიღოთ მიგრანტები უკრაინიდან...ისინი ქრისტიანები არიან, ან ბელორუსიიდან, ისინი მუსლიმები არ არიანდა და ტერორისტებიც ვერ იქნებიან. მე მინდა მქონდეს უფლება გაკავეთო არჩევანი. ჩემი აზრით, ამ მომენტისათვის, მიგრანტები არ გვჭირდება.”

2017 წლის მარტში პარტიამ რუსეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. მატეო სალვინი მოსკოვში ჩავიდა. პუტინის პარტიის სახლით მას რუსეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილე, სერგეი ჟელეზნიაკი შეხვდა. მათ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სალვინის თქმით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მათ ქვეყნების პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ის რუსი მინისტრის ევროკავშირის მდგომარეობის შეფასებას ეთანხმება. სალვინიმ ასევე თქვა, რომ მან და ლავროვმა ერთად იცინეს იმ დაუჯერებელ ანტი-რუსულ პროპაგანდაზე, რასაც ამჟამად ხედავენ.

“დღეს დილით მოსკოვში ლიგასა და პუტინის “ერთიან რუსეთს” შორის, რომელსაც საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სერგეი ჟელეზნიაკი წარმოადგენდა, ისტორიული შეთანხმება შედგა. არალეგალური მიგრაციის და ლიბიაში მშვიდობის აღდგენის, ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელიც იტალიას 5 მილიარდი ევრო და ათასობით სამუშაო ადგილი დაუჯდა. რენცის ყბედობის შემდეგ ლიგის რეალისტურობა.” დაწერა მან Facebook-ზე.

სალვინი მოსკოვში რამდენიმე ვიზიტით 2014 წელსაც ეწვია, ვლადიმირ პუტინს შეხვდა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების იტალიის ეკონომიკაზე ეფექტის შემცირებაზე ესაუბრა.

ის საკუთარ Facebook გვერდზე ხშირად აზიარებს პრო-რუსულ პოსტებს და განსაკუთრებით ხაზს უსვამს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას და მათ “აბსურდულსა და პარადოქსულს” უწოდებს.

რეფერენდუმში რენცის ინიციატივის მარცხის შემდეგ მან Twitter-ზე დაწერა: “სიცოცხლე ტრამპს, სიცოცხლე პუტინს, სიცოცხლე ლე პენს და სიცოცხლე ჩრდილოეთის ლიგას!”

იტალიის ძმები (Fratelli d’Italia)

“ჩრდილოეთის ლიგის” მსგავსი სამხრეთული პარტია პოსტ-ფაშისტური ფესვებით. პარტიების პოლიტიკა ძირითადად მსგავსია. პარტიის ლიდერია ჯორჯია მელონი.

ჯორჯია მელონი
ფოტო: Facebook

მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია

ლიდერი: მატეო რენცი

შემავალი პარტიები: Partito Democratico, +Europa, Insieme, Civica Popolare

მატეო რენცი
ფოტო: Getty

დემოკრატიული პარტია ( Partito Democratico)

მემარცხენე-ცენტრისტული პარტია, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი მატეო რენცი ლიდერობს. პარტიის ინიციატივებს შორისაა საშემოსავლო მინიმუმის გაზრდა, ევროკავშირთან საგადასახადო შეთანხმების გაუქმებაზე მოლაპარაკება და ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 3%-მდე გაზრდა, რათა  შემცირდეს გადასახადები და გაიზარდოს ინვესტიცია.

იტალიის ნაპირებზე მიგრანტების რაოენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ევროკავშირის პოლიტიკის ფარგლებში იტალიამ ლიბიის მხარესთან ერთად ხმელთაშუა ზღვის უკანონოდ გადაკვეთის პრევენციისათვის თანამშრომლობა დაიწყო. 2017 წელს იტალიის ნაპირებს გემით არალეგალურად 119,000-მა ადამიანმა მიაღწია, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 37%-იან კლებას წარმოადგენს.

თანამშრომლობა არსებული ხელისუფლების პირობებში დაიწყო, რომელსაც დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს. პოლიტიკა გაერომ არაჰუმანურობის გამო გააკრიტიკა, თუმცა პარტიის დეპუტატის თქმით ეს საუკეთესო გამოსავალია.

რაც შეეხება ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას. პარტიის ლიდერი მატეო რენცი, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტს 2016 წლამდე იკავებდა, ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებდა. გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე Facebook Live chat-ში მან საკუთარი ოფისიდან ევროკავშირის დროშაც კი მოახსნევინა. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიამ რიტორიკა შეარბილა. იანვარში რენციმ მილანში პრო-ევროპული ღონისძიება მოაწყო სადაც “ევროპის შეერთებული შტატებისაკენ” მოწოდებები გააჟღერა და მის კონკურენტებს მოუწოდა დააფიქსირონ პოზიცია ამ საკითხზე. მის მოკავშირეებს შორისაა ყოფილი ევროკომისარი ემა ბონინო, რომელიც პრო-ევროპულ +Europa პარტიას უდგას სათავეში.

ლუიჯი დი მაიო
ფოტო: foggiatoday

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა (Movimento 5 Stelle)

პარტია პოპულარულმა კომიკოსმა და ბლოგერმა, ბეპე გრილომ 2009 წელს შექმნა. ამჟამად მისი ლიდერი 31 წლის ლუიჯი დი მაიოა. პარტია ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის, თვიურ საშემოსავლო მინიმუმად 780 ევროს შემოღებას, 400 “უსარგებლო” კანონის, მათ შორის შრომის საპენსიო რეფორმების, გაუქმებას უჭერს მხარს, რათა საპენსიო ასაკი შემცირდეს და თანამშრომლის გათავისუფლება გართულდეს. გარდა ამისა პარტია გამოდის ენერგოკომპანიებზე მაღალი გადასახადების დაწესების და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით. გამოკითხვების მიხედვით პარტია ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ის მემარჯვენე პარტიების მსგავსად ევროკავშირისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი და მიგრანტთა კრიზისს მათ პოლიტიკას აბრალებს. ლუიჯი დი მაიო გასული წლის დეკემბერში ევროზონის დატოვების და ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა, თუმცა შემდგომ პოზიცია შეცვალა და ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში თქვა, რომ პრო-ევროპულ პარტიას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ გრილო მომხრეებს მისი ჟურნალისტური გამოძიებების წაკითხვისაკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ რუსეთს ძველებური დიქტატორული რეჟიმისაგან მხოლოდ გაზი და ნავთობი აშორებდა, პარტიამ უკანასკნელ პერიოდში შეხედულება რადიკალურად შეიცვალა.

გარდა იმისა, რომ პარტიის ზოგიერთი წევრი სირიაში  პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს, პარტიის სპიკერმა მანლიო დი სტეფანომ “გაერთიანებული რუსეთის” კონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ პარტია არც პრო-რუსულია და არც პრო-ამერიკული, თუმცა რუსეთისათვის სანქციების მოხსნას მხარს უჭერს, და “უკრაინის კრიზისი” რუსეთის საქმეებში აშშ-სა და ევროკავშირის ჩარევის შედეგია.

პიეტრო გრასსო
ფოტო: Twitter

თავისუფალი და თანასწორი (Liberi e Uguali)

მემარცხენე პოლიტიკური პარტიების ალიანსი რომელსაც პიეტრო გრასსო ხელმძღვანელობს. პარტია რენცის დემოკრატიული პარტიიდან გამოყოფილ ჯგუფებს აერთიანებს. პარტია ამომრჩეველს შრომის და საპენსიო რეფორმების  გაუქმებას და საზოგადოებრივი ხანჯების გაზრდას სთავაზობს.

დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იტალიის სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გახშირდა. მოხდა შეტაკებები ფაშისტებსა და მემარცხენე აქტივისტებს შორის და დაფიქსირდა რასობრივ ნიადაგზე თავდასხმის შემთხვევებიც.

პალერმოში უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფის Forza Nuova (“ახალი ძალის”) ლიდერს, მასიმო ურსინოს დაესხნენ თავს. ის მემარცხენე ექსტრემისტებმა დააბეს და სცემეს “სიძულვილისა და რასიზმის” გავრცელების გამო. მას შემდეგ რაც ქალაქ ლივორნოში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ვიზიტისას პარტია “იტალიის ძმების” ლიდერ ჯორჯია მელონის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შეაფურთხეს, პოლიციამ ათობით აქტივისტი დააკავა.


ფოტო: EPA

თვის დასაწყისში იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მაჩერატაში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც რასობროვი მოტივით ცეცხლი გახსნა. 28 წლის ლუკა ტრაინიმ 6 ადამიანი დაჭრა. ყველა მათგანი მიგრანტი იყო. თვითმხილველების თქმით ის მანქანით მოძრაობდა, მიგრანტების დანახვისას კი მათ ცეცხლს უხსნიდა. როგორც გაირკვა ტრაინი გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებში “ჩრდილოეთის ლიგის” კანდიდატი იყო, თუმცა ერთი ხმაც არ მიუღია. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ მისი ქმედება იყო შურისძიება 18 წლის იტალიელი ქალის მკვლელობისთვის, რომლის ნიგერიელი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც გასულ წელს თავშესაფარზე უარი უთხრეს, თუმცა ის იტალიაში არალეგალურად დარჩა.

პარტიის ლიდერი, მატეო სალვინი მომხდარს გაემიჯნა, თუმცა თქვა, რომ “მიგრანტების შემოჭრა სოციალური დაპირისპირების საფუძველია.” “ველი როდის შევალ მთავრობაში და აღვაგდენ უსაფრთხოებას, სოციალურ სამართლიანობას და სიმშვიდეს იტალიაში.” თქვა მან.

პროგნოზები

უკანასკნელი გამოკითხვებით “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” ხმათა 27-დან 29%-ს აიღებს.

ბერლუსკონის Forza Italia გამოკითხვების მიხედვით ხმათა 16-დან 18%-მდე აიღებს. მისი კოალიციური პარტნიორებიდან “ჩრდილოეთის ლიგა” 12-დან 14%-მდე, “იტალიის ძმები” 5-დან 6%-მდე, “ჩვენ იტალიასთან” 2-დან 3%-მდე აიღებს. ჯამში კოალიციამ შესაძლოა ამომრჩეველთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღოს.

რაც შეეხება მემარცხენე პარტიებს, რენცის დემოკრატიული პარტია გამოკითხვების მიხედვით ხმათა 22-დან 23%-მდე მიიღებს, ხოლოდ პარტია “თავისუფალი და თანასწორი” 6%-მდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა 30-40%-მდე აცხადებს, რომ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას, სამთავრობო კოალიციის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს.

დემოკრატიულმა პარტიამ Forza Italia-სთან კოალიციის შემთხვევაში შესაძლოა, დათმობის სახით, პრემიერმინისტრის პოსტზე რენცის ნაცვლად უფრო მისაღები, ჯენტილონის კანდიდატურა წამოაყენოს.

ხუთი ვარსკვლავის პარტია კოალიციის ვარიანტს გამორიცხავდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხზე პოზიცია შეარბილა და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ გადამწყვეტი შედეგი არ დადგება. ერთ-ერთი ვარაუდით, შესაძლოა კოალიცია მათსა და ჩრდილოეთის ლიგას შორის შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში რიტორიკის შერბილებისა, იტალიის ევროზონის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ან ევროკავშირთან თანამშრომლობის გადახედვა მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მთავარი პარტია რუსეთთან უერთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა და რუსეთი ამ ფაქტს ევროკავშირში საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენებს.

კომენტარები