კრიმინალი

შსს: ბოლო რამდენიმე დღეში, თბილისსა და იმერეთში ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირი დავაკავეთ

შსს

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირი დავაკავეთ" - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მან თბილისში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობების გახსნაზე ისაუბრა. 

"სამართალდამცველებმა აბანოსა და გორგასლის ქუჩებზე მომხდარი საიუველირო და სუვენირების მაღაზიების დაყაჩაღების 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია 1 პირი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გატაცებული ნივთები. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გახსნილია საზოგადოებისთვის ცნობილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიც, რომელიც თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. ბრალდებული მიმდინარე წლის 14 თებერვალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაცნობებთ, რომ გახსნილია ასევე გახმაურებული, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტიც. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ერთი - წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები