ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

შსს-ს გინებაზე და დაუმორჩილებლობზე ჯარიმის გაზრდა სურს, საიას გაუმართლებლად მიაჩნია

"არა პანორამა თბილისს"
ალექსანდრე გიორგაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობაზე სანქციების გაზრდას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი უწყებამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დაგეგმილი ცვილილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლისთვის, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და საზოგადოებრივ წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევ სხვა მოქმედებებს გულისხმობს, სანქცია გაიზრდება. მოქმედ კანონში ამ მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი იზრდება და იქნება 500 ლარიდან 1000 ლარამდე.

მუხლში უცვლელი რჩება ის ნაწილი, რომლის მიხედვით, "თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, - [დარღვევა გამოიწვევს] ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით".

გარდა ამისა, არ იცვლება აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის ნაწილი.

რაც შეეხება კოდექსის 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლს, ამ შემთხვევაში, არსებულ კანონში ჯარიმა 250 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი შესაძლებელია იყოს 2000 ლარი. დაგეგმილი ცვლილებებით, ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე. უცვლელი რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობის ნაწილი და შესაძლოა იყოს 15 დღემდე ვადით.

ამ შემთხვევაშიც არ იცვლება ის ნაწილი, რომლის მიხედვით, აღნიშნული მუხლის დარღვევა 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას იწვევს.

დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციაში მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება გაუმართლებელია და ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს ზრდის.

"სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში მის გადახედვაზე დაიწყებს მსჯელობას.

"შესაბამისად, რეფორმის ინიცირებამდე კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრა ვფიქრობთ არ იქნება დადებითი შედეგების მომტანი არც უფლებრივი და არც პრაქტიკის თვალსაზრისით", - აცხადებენ საია-ში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართავს, არ დაუჭირონ მხარი შსს-ს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომენტარები