ბორჯომის საკრებულო

NGO-ები: ბორჯომის საკრებულოში მომხდარი ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ბორჯომის საკრებულოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ საკრებულოში პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს.

"მიგვაჩნია, რომ ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობას და სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მიუხედავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფორმირების პოლიტიკური საფუძველისა, მისი წევრები თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არიან მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით და თავიანთ საქმიანობას კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობოები მოუწოდებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმიანობას.

"შესაბამისად, მოვუწოდებთ: ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს: თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს: შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი
საქმიანობა." - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა მუშაობა საკრებულოს 28 თებერვლის სხდომის შემდეგ შეწყვიტეს - საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა. 

სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, რის შემდეგაც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს აოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

გუშინვე ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ უკვე 2 თვეა, ხელფასები არ აუღიათ. თუმცა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათ რიგითი საჯარო მოხელეების ხელფასები 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცეს და თუ ახლა სარგოს ვერ იღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მერის პასუხისმგებლობაა. 

კომენტარები