ფინელი ჯანდაცვის ექსპერტები ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

University Of Cambridge

ფინეთის მთავრობის ჯანმრთელობის სააგენტოს ექსპერტები ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ. მოთხოვნას ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული ინსტიტუტის წევრები ავრცელებენ.

ექსპერტების თანახმად, ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი სანქციების გაუქმება შეამცირებს ახალგაზრდა მოქალაქეების მარგინალიზაციას და ხელს შეუწყობს ნაკრომომხმარებლების სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებში ჩართვას.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ არსებული სამართლებრივი სანქციები ვერ უმკლავდება ნარკოტიკის მოხმარების და დაკავშირებული პრობლემების პრევენციას. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკის მოხმარების სამართლებრივი დევნა არ შეეფერება თანამედროვე საზოგადოების ღირებულებებს და ვერ უმკლავდება ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

"როდესაც ნარკომომხმარებელს არ ეშინია სასჯელისა და პატიმრობის, გაცილებით მარტივია მას დახმარება შევთავაზოთ. თუ ნარკოტიკის მოხმარება კრიმინალურ ქმედებად არ ჩაითვლება, საკითხის განხილვა ჯანდაცვის სერვისებში გაცილებით ბუნებრივი იქნება" - ნათქვამია სტატიაში.

ჯანდაცვის ექსპერტების მოთხოვნას ფინელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოტიკის მოხმარებას და ფლობას "რთულ და მძიმე საკითხს" უწოდებს. ის მხარს არ უჭერს დეკრიმინალიზაციას, თუმცა, აღნიშნავს, რომ პოლიციამ ამ საკითხზე ნაკლები რესურსი უნდა დახარჯოს და უფრო სერიოზული კრიმინალის დაძლევაზე კონცენტრირდეს.

ფინეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლება ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ გეგმავს.

მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებამ ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დისკუსია წამოიწყო.

კომენტარები