აზიური ფაროსანა

სამინისტრო: კრაზანას შემოყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიმდინარეობს დაკვირვება

USDA

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის, კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება.

აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხზე ლევან უჯმაჯურიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.

მისი ინფორმაციით, კრაზანას შესაძლო შემოყვანის საკითხს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე მეცნიერები ოზურგეთში იმუშავებენ, სადაც ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა.

"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს. სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული. შეხვედრები პერმანენტულად მიმდინარეობს ამავე მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციებთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბოილოგიური ლაბორატიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ", - განაცხადა უჯმაჯურიძემ.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან.

"ცენტრი მარტის თვის ბოლომდე მზად არის თითოეული ქართველი მეცნიერის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებაზე", - განაცხადა უჯმაჯურიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის და სიმინდის კულტურებში გამოყენებისთვის, 15 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი "ბიოინსექტ 2". უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერეპარატის ფართოდ გამოცდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ბიოაგენტების მოძიების მიზნით უწყების წარმომადგენლები შვეიცარიაში, ქალაქ დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) იმყოფებოდნენ, სადაც აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

სამურაი კრაზანას შესახებ, რომელსაც სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად განიხილავს, წაიკითხეთ აქ: სამურაი კრაზანა ფაროსანას წინააღმდეგ.

კომენტარები