რუსეთი

პუტინი: აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ბრალდებული 13 რუსის ექსტრადირება არ მოხდება

ვლადიმირ პუტინი
Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა NBC-ს მეგინ კელისთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს არავის გადასცემს.

პუტინის თქმით აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური საბჭოს გამოძიების მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დადანაშაულებული რუსეთის მოქალაქეების ექსტრადირება არ მოხდება. პუტინი ბრალდებულ 13 პირსა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირის არსებობას და ტრამპის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატის ფლობას უარყოფს.

"მე ვიცი, რომ ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის მთავრობას. რა გააკეთეს მათ ზუსტად არ ვიცი." თქვა პუტინმა და დაამატა, რომ მზად არის აშშ-სთან სალაპარაკოდ, როდესაც მათ რაიმე კონკრეტული საბუთები და მონაცემები ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა საბჭომ 16 თებერვალს საბრალდებო ოქმი შეადგინა, რომელიც ცნობილ რუსულ ტროლების დაჯგუფებას ეხება. 13 პირს ბრალად ედება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალური გზებით ჩარევა. 

უწყების მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო ოქმში წერია, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" წარმოადგენდა დაჯგუფებას, რომელსაც გააჩნდა ამბიციური მიზანი, ეწარმოებინათ იმგვარი პროპაგანდა, რაც აშშ-ის ამომრჩეველს უბიძგებდა, ხმა მიეცათ იმ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის. 

ოქმში ასევე წერია, რომ ბრალდებულთაგან რამდენიმე პირი ცდილობდა ტრამპის კამპანიასთან ასოცირებულ ამერიკელებთან ინტერაქციაში შესვლას, თუმცა ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათით მანიპულირებდნენ.

კომენტარები