ბადაგონის საქმე

კომპანია ბადაგონმა თბილისის სათაო ოფისი დროებით დახურა

კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისმა საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ გააკეთა. სალაყაიას თქმით, კომპანია სამუშაოდ კახეთში გადადის. 

“„ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც. მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობე პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შევაჩეროთ საქმიანობა ბადაგონის თბილისის სათაო ოფისში და დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას ბადაგონის ყველა საწარმოში. ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ქვეყნისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე." - თქვა სალაყაიამ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს, ბადაგონის ყოფილი მეწილის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია "გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედის" განცხადების საფუძველზე დაიწყო. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროს წილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

კომენტარები