ქალთა მიმართ ძალადობა

ქალების 22% და კაცების 31% ცოლის ცემას "გარკვეულ შემთხვევებში" ამართლებს

0 კომენტარი
ფოტო: BBC News

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

ორგანიზაციამ ძალადობის მიმღებლობაც შეისწავლა. დოკუმენტის მიხედვით, ქალების ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. 

როგორც მამრობითი (50%), ისე მდედრობითი (33%) სქესის რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა პირადი ცხოვრების საკითხია და მასში არავინ უნდა ჩაერიოს.. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლები, მაღალი ალბათობით, ამ მოსაზრებას არ იზიარებენ (27%).

"არავინ სცემს ვინმეს უმიზეზოდ. სხვა შემთხვევაში, ის გიჟია. თუ მეზობელი სცემს თავის ცოლს, ე.ი., ამ კაცის გადმოსახედიდან - ცოლი ამას იმსახურებდა", - ამბობს სასოფლო ფოკუს ჯგუფის მონაწილე კაცი.

გაეროს ქალთა ფონდმა გენდერული დამოკიდებულებებიც გამოიკვლია. დოკუმენტის მიხედვით, ქალების 66% და კაცების 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახლის საქმეების მოწესრიგებაა .
გარდა ამისა, ქალების 23% და კაცების თითქმის ნახევარი, 42% მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს.

"პირადად ჩემთვის პატივსაცემია ის ქალი, რომელიც ზრდის და ასწავლის ბავშვებს და ზრუნავს მათ წარმატებაზე. ამასთანავე, მას უნდა შეეძლოს საჭმელბის კარგად მომზადება და დაუთოება", - ამბობს სასოფლო ფოკუს ჯგუფის მონაწილე ქალი.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები