არჩილ ტატუნაშვილის საქმე

AMNESTY INTERNATIONAL-ი რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს მოუწოდებს დააბრუნონ ტატუნაშვილის ცხედარი

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International-ი რუსეთსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს დროულად დააბრუნონ საქართველოში გარდაცვლილი პატიმრის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ორგანიზაცია ამავდროულად საქმეზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებასაც ითხოვს.

"საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება დაესწრონ ცხედრის აუტოპსიას. საგამოძიებო პროცესების დასრულებისთანავე ცხედარი უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს, რათა მათ გარდაცვლილის დაკრძალვა შეძლონ", - წერია განცხადებაში.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პოლიციამ 2018 წლის 22 თებერვალს დააკავა. ის მომდევნო დღეს 23 თებერვალს მოკვდა. ოკუპირებული რეგიონის სამართალდამცავი უწყების მტკიცებით, ტატუნაშვილი კიბეზე ვარდნას ემსხვერპლა, რაც მასსა და პოლიციასა და მას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. მაღალი ალბათობით ტატუნაშვილი წამების მსხვერპლია.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მოხდეს.

"კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა", - ამბობს პრემიერმინისტრი.

 

 

კომენტარები