ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

კაცების 22%-ის და ქალების 14%-ის აზრით, თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა

www.readersride.com

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

UNWOMEN-ში აცხადებენ, რომ ზოგადად, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა გადატანილი ქალები და კაცები უფრო მაღალი ალბათობით ეთანხმებიან გაუპატიურებასთან დაკავშირებულ მითებს. 

კვლევის მიხედვით, კაცების ნახევარს, 50%-ს და ქალების თითქმის ნახევარს, 42%-ს გაუპატიურებად არ მიაჩნია, თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის მიმართ უფრო შემწყნარებლები არიან სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე, უფროსი ასაკის ადამიანები.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ჩატარდა.

კომენტარები