დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა თავშესაფარი 2010 წელს მიანიჭა, ყოფილი რუსი აგენტია აშშ-ში და გავრცელებული ცნობით დიდი ბრიტანეთისათვის ჯაშუშობდა.

მოწამლულია 33 წლის ქალიც. ისინი შეუძლოდ სუპერმარკეტში გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დრომდე უცნობია რა ნივთიერებით მოიწამლნენ ისინი, თუმცა ვრცელდება ვარაუდი, რომ ისინი ფენტანილით მოწამლეს.

სკრიპალი რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. ის რუსეთმა 2006 წელს MI6-ისთვის ევროპაში რუსი ჯაშუშების ვინაობების გამხელაში დაადანაშაულა და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათი თქმით სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვას რუსი ჯაშუშების შესახებ ინფორმაციას 1990-იანი წლებიდან აწვდიდა და სანაცვლოდ 100,000 აშშ დოლარი მიიღო. ის 2010 წელს ბრიტანეთში ჯაშუშების გაცვლის ფარგლებში მოხვდა. მის სანაცვლოდ რუსეთს აგენტების ჯგუფი გადასცეს, რომელთა შორის იყო ანა ჩაპმანიც.

მასთან ერთად ბრიტანეთისათვის გადაცემული კიდევ ერთი ყოფილი აგენტის, იგორ სუტიაგინის თქმით ჯერ ადრეა შემთხვევაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბრისათვის, თუმცა ამბობს:

"ვლადიმირ პუტინს ერთხელ ჰკითხეს როგორი ადამიანები აბინძურებენ მსოფლიოს. მან უპასუხა: მოღალატეები და მტრები. ერთხელ ლონდონში მყოფმა რუსმა დიპლომატმა მითხრა, რომ პუტინი იუდას მადარებს. ეს არის მათი დამოკიდებულება."

შემთხვევაზე კომენტარში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მათთვის ამ საკითხზე არც სკრიპალის ნათესავებს და არც ბრიტანეთის ოფიციალურ უწყებებს არ მიუმართავთ.

ყოფილი რუსი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ცოლმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს შემთხვევა 11 წლის წინ მომხდარს აგონებს. შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ექსტრადირებაზე რუსეთი დღემდე უარს ამბობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები