ვიზალიბერალიზაცია

2017 წელს, 59-მა პირმა გვარი ორჯერ შეიცვალა, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ

იუსტიციის სახლი

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელიც გვარის შეცვლისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზანია, დაიცვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. უწყების განცხადებით, კანონი ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში.

"უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ.

ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დროის მცირე შუალედში რამდენჯერმე იცვლის გვარს. მაგალითად, 2016 წელს 58-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ; 2017 წელს კი, 59-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს სრულწლოვანებაში გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება, თუმცა, არის რამდენიმე გამონაკლისი. დეტალურად წაიკითხეთ აქ.

საქართველოს მთავრობამ გვარის შეცვლის პროცედურის გართულებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ერთერთმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა მოითხოვა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ მოიმატა, ასევე, გაზრდილია ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიის დელეგაცია დღეს თბილისში შეხვედრებს მართავს. საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გერმანიის მთავრობის შეფასებით, აუცილებელია სწრაფი რეაგირება. საელჩოს ინფორმაციით, გერმანია იმ პირებს, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, შენგენის მთლიან ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს.

კომენტარები