ვიზალიბერალიზაცია

საფრანგეთის ელჩი: არ გვინდა წესიერი ხალხის დასჯა დამნაშავეების ცუდი საქციელის გამო

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მონიეს თქმით, შემაშფოთებელია, რომ ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაიზარდა. მონიე რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ზოგჯერ ზრდა 100%-ზე მეტია.

"შესაძლებელია, ქვეყნების ნაწილმა დააყენოს შეჩერების მექანიზმის საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე საფრანგეთი ამის გაკეთებას არ აპირებს. არ გვინდა, პოლიტიკურად დავსაჯოთ წესიერი ხალხი დამნაშავეების ცუდი საქციელის გამო. ასეთია ჩვენი პრინციპი. შევეცდებით საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოვძებნოთ ზომები ორგანიზებული დანაშაულის გასაკონტროლებლად და შესამცირებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და საზღვარზე არ გაატაროს ის ადამიანები, რომლებიც შენგენის ზონაში მოგზაურობის ნაცვლად დანაშაულის ჩასადენად შედიან. საზღვარზე კონტროლი ადვილი არ არის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საქართველომაც და ჩვენმა ქვეყნებმაც" - უთხრა მონიემ რუსთავი 2-ს.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ერთერთმა მინისტრმა ვიზალიბერალიზაცის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, ბოლო ერთ წელში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ მოიმატა, ასევე, გაზრდილია ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა. 

ამის შემდეგ, გახშირდა ევროკავშირის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების ჯგუფურად გამობრუნების შემთხვევები, საქართველოს მთავრობამ კი, სანქციების გასამკაცრებლად მუშაობა დაიწყო. კერძოდ, თუ ახლა არალეგალებს თავიანთი ხარჯებით არ უწევთ რეადმიისიის ფარგლებში ქვეყანაში დაბრუნება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავად მოუწევთ საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენა. გარდა ამისა, გართულდა გვარის შეცვლის პროცედურაც.

მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიის დელეგაცია დღეს თბილისში შეხვედრებს მართავს. საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გერმანიის მთავრობის შეფასებით, აუცილებელია სწრაფი რეაგირება. საელჩოს ინფორმაციით, გერმანია იმ პირებს, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, შენგენის მთლიან ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს.

კომენტარები