კომუნიკაციები

GNCC: მაგთის და ჯეოსელის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი

0 კომენტარი
ფოტო: GNCC

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, მაგთიკომმა და ჯეოსელმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონი, ასევე კომისიის მიერ 2010 წლის მაისისა და 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებები დაარღვიეს, რომელთა მიხედვითაც შპს ჯეოსელს და შპს მაგთიკომს დაკისრებული აქვთ ვალდებულება, არ დაუშვან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხმარებელთა ხარჯზე. 

განცხადება ამის შესახებ კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. თუმცა, საკითხის განხილვა კომპანიების თხოვნით 15 მარტამდე გადაიდო. ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

“2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, კომისიას აქვს შესაძლებლობა, ურთიერთჩართვის ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს. ამ მეთოდოლოგიით შესაძლებელი გახდა ტარიფების წარმოქმნის სწორი, სამართლიანი ბაზის შეიქმნა. ამ მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ კომისიამ ბაზარზე დაიწყო მონიტორინგი იმის დასადგენად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ხომ არ ეწეოდნენ სუბსიდირებული ტარიფებით მომსახურეობას. ხომ არ ქმნიდნენ ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს, უფრო ზუსტად კი, ბაზარზე ფასების დადგენის კუთხით ხომ არ იყენებდნენ ძალაუფლებას ბოროტად. ამ კუთხით პირველი შევისწავლეთ „ბილაინის“ ქეისი, მეორე ჯერზე კი მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის გაწეული მომსახურეობის შესწავლა. ანალიზით მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს" – თქვა ბექაურმა.

მისივე განცხადებით, კომისია ვერ ისაუბრებს, ვის ხარჯზე ახდენდნენ კომპანიები სუბსიდირებას, ვინაიდან ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის.  

ბექაური ასევე ამბობს, რომ გარდა კონსოლიდირებული ტენდერის საკითხის შესწავლისა, კომისია იწყებს მოკვლევას, როგორი ტარიფით ემსახურებიან მობილური კომპანიები მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს და ხომ არ აქვს ადგილი ამ ნაწილშიც სუბსიდირებას და დემპინგურ ფასებს.  

„ჩვენ უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამივე ოპერატორისგან კორპორატიული კლიენტების მომსახურებებზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, თუ რა პირობებით და რა ტარიფებით ემსახურებიან ოპერატორები კომპანიებს და ხომ არ არის ეს დემპინგური ტარიფი, რომელიმე კორპორატიული მსხვილი კლიენტისთვის. ეს თუ დასაბუთდა და დადგინდა, რა თქმა უნდა იქნება დარღვევა, ამისთვის კომპანიები გაფრთხილების მერე უკვე ფინანსურ სანქციებს მიიღებენ“. - ამბობს კახა ბექაური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები