აშშ-კორეა

სამხრეთ კორეელი დიპლომატები: ჩრდილოეთ კორეა მზად არის, ბირთვულ იარაღზე უარი თქვას

Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელ დიპლომატებს უთხრა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის მზად არის თავისი ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების შესახებ. კიმ ჩენ ინმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ყველა რაკეტსაწინააღმდეგო და ბირთვულ გამოცდას შეაჩერებს. 

"ჩრდილოეთ კორეამ გამოხატა დენუკლიარიზაციის მკაფიო სურვილი კორეის ნახევარკუნძულზე. ფაქტობრივად, არ არსებობს მიზეზი ბირთვული პროგრამის ფლობისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო საფრთხეები აღმოფხვრილია და რეჟიმი დაცულია. კიმმა ​ასევე თქვა, რომ ის მზად არის, ჰქონდეს გულწრფელი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სწორედ დენუკლიარიზაციის და აშშ-სთან კავშირების ნორმალიზების შესახებ", - თქვა სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩანგუი იონგმა ბრიფინგზე. 

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამდა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებდა. 

"შესაძლოა პროგრესი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში. მრავალი წლის მანძილზე პირველად პირველი სერიოზული შედეგი იქნა მიღწეული ყველა ჩართული მხარის მიერ. მსოფლიო უყურებს და ელოდება. შესაძლოა ცრუ იმედია, მაგრამ აშშ მზად არის, მიზანს მიაღწიოს". 

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა 2017 წლის ზაფხულში დაიძაბა. ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა "ჰვასონგ 14" გამოსცადა, რომელსაც სამხედრო ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპირომდე მიღწევა შეუძლია. საპასუხოდ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლითა და მრისხანებით" დაემუქრა. 

კომენტარები