8 მარტი

რუსეთი, კამბოჯა, ყირგიზეთი, უზბეკეთი - რომელ ქვეყნებშია 8 მარტი უქმე დღე

8 მარტს ქვეყნების ნაწილი ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოსთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ოფიციალურად ისვენებს – ავღანეთი, ანგოლა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბურკინა-ფასო, კამბოჯა, კუბა, გვინეა-ბისაუ, ერიტრეა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, მოლდოვა, მონღოლეთი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უგანდა, უკრაინა, უზბეკეთი და მოზამბიკი. 



მოცემულ რუკაზე წითლად ის ქვეყნებია აღნიშნული, სადაც 8 მარტი ოფიციალური დღესასწაული, ანუ უქმე დღეა. ნარინჯისფრად მონიშნულ ქვეყნებში მხოლოდ ქალების დღესასწაულია (ჩინეთი, მადაგასკარი), ხოლო ყვითლად მონიშნულ ქვეყნებში კი 8 მარტს არაოფიციალურად აღნიშნავენ, რაც ქალებისთვის საჩუქრის ჩუქებაში გამოიხატება.

ევროპაში ქალთა დღის დამკვიდრება კლარა ცეტკინის პოლიტიკურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ცეტკინი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით კი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1890 წლიდან 1915 წლამდე ის გერმანული სოციალისტური გაზეთის – თანასწორობის – რედაქტორი იყო. ცეტკინი გამოცემის საშუალებით პროლეტარიატის ინტერესებს აქტიურად ლობირებდა. გაზეთს ლაიტმოტივად გასდევდა ჩაგრული პროლეტარიატის და კიდევ უფრო ჩაგრული ქალთა "კლასის" ტანჯვის ხატი. კლარას ინიციატივით, ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წელს დაიწყეს. 1910 წლის აგვისტოში მეორე ინტერნაციონალის დაწყებამდე კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა კრება გაიმართა. ლუის ზიტცმა და კლარა ცეტკინმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა შემოიტანეს, თუმცა რიცხვი არ დაუთქვამთ. 1911 წლის 18 მარტს პარიზის კომუნის 40 წლისთავს სოციალისტებმა ქალის საერთაშორისო დღის აღნიშვნაც დაამთხვიეს. სოციალისტები პარიზის კომუნას პროლეტარიატის პირველ დიქტატურად თვლიდნენ. იმავე დღეს ქალის საერთაშორისო დღე ავსტრია-უნგრეთის სოციალისტურმა ნაწილმაც აღნიშნა. ვენის ქუჩებში 300-მდე ქალი გამოვიდა.

წაიკითხეთ 8 მარტის ისტორია ვრცლად ტაბულას 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - გილოცავთ 8 მარტს!

კომენტარები