ირანი

ირანში ჰიჯაბის ტარების პროტესტისთვის დაკავებულ ქალს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

ირანელი ქალს, რომელმაც სავალდებულო ჰიჯაბის კანონი თავსაბურავის საჯაროდ მოხსნით გააპროტესტა, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელი 3-თვემდე შეუმცირეს.

მას ბრალად "მორალური გარყვნილების ხელშეწყობა" ედება.

უკანასკნელი კვირების მანძილზე მსგავსი პროტესტის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებული ქალების ნაწილი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს.

კანონი ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. მიმდინარე წელს კანონის გაპროტესტებისათვის 29 ქალი დააკავეს. პროტესტის ნიშნად ქალები ჰიჯაბს იხსნიან, ჯოხზე ამაგრებენ და ქუჩაში აფრიალებენ.

თიერანის პოლიცია აცხადებს, რომ კამპანია გარედან არის წაქეზებული და ეს ქალები არალეგალური სატელიტური არხების მეშვეობით აცდუნეს.

კამპანია "თეთრი ოთხშაბათი" აშშ-ში მოღვაწე ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა მასიჰ ალინეჯადმა 2017 წლის მაისში წამოიწყო და ქალებს მოუწოდა კანონის გასაპროტესტებლად თეთრი თავსაბურავი ეტარებინათ , ან საერთოდ მოეხსნათ ის.

"ირანის პოლიციამ 2014 წელს გამოაცხადა, რომ მათ ჰიჯაბის ცუდად ტარების გამო გააფრთხილეს და დააპატიმრეს 3.6 მილიონი ქალი, ასე რომ, დაკავებები ახალი ამბავი არ არის და ხალხიც სწორედ მსგავს დაკავებებს აპროტესტებს." თქვა მან.

ირანმა ის ამ კამპანიისათვის საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა. ალინეჯადი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ამერიკის ხმაში" მუშაობს, ამ კამპანიას არავინ აფინანსებს.

ირანის მთავარმა პროკურორმა პროტესტს "ბავშვური", "ემოციურად დატვირთული" და "ქვეყნის გარედან შემოტანილი" უწოდა.

პროტესტს ის ქალებიც შეუერთდნენ, ვინც ჰიჯაბს ნებაყოფლობით ატარებს, თუმცა მათ, ვისაც თავსაბურავის ტარება არ სურთ სოლიდარობას უცხადებენ.

კომენტარები