ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

GDI: შსს-ს მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენის გამოყენებით, მეგობარ ქალზე ძალადობდა

0 კომენტარი
ფოტო: usnews.com

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე 2015-16 წლებში მეგობარ ქალზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

GDI-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფო გიორგი ბერიძის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო.

"საქმეში იკვეთება ინტენსიური ფიზიკური ძალადობის 6 დამოუკიდებელი შემთხვევა. მსხვერპლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ძირითადად, ძალადობის საფუძველი სქესის ნიშნით დისკრიმინაცია იყო. ძალადობის გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ მოძალადე მოქმედებდა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, იყენებდა საკუთარ თანამდებობას და გავლენებს ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ წარმოებული სამართლებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. საქმის გარემოებებიდან ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ძირითად შემთხვევებში ინფორმირებული იყო ქალბატონი თ.ტ.-ს მიმართ მიმდინარე სისტემატიური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოებისა და ზოგადად სახელმწიფოს ქმედებები არაეფექტური იყო მსხვერპლის მიმართ ძალადობის აღკვეთის, პრევენციისა და სავარაუდო დანაშაულების გამოძიების კუთხით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ 2015 წლის ოქტომბერში ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება 2016 წლის მაისში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის საფუძვლით შეწყვიტა.

GDI-ში ასევე აცხადებენ, რომ იმავე ფაქტზე საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი ბერიძეს დისციპლინური გადაცდომა დაუდგინა და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომა "მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქე თ.ტ.-ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დამამცირებელ მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა თ.ტ.-ს მიერ თვითდაზიანება".

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში, თ.ტ.-ს მიმართ განმეორებით ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება დღემდე, უშედეგოდ გრძელდება, რაც მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, 2018 წლის 5 მარტის დასკვნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადასტურა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა, გიორგი ბერიძემ, 2016 წლის 4 და 18 თებერვალს, ასევე 16 ივნისს თ.ტ-ს პერსონალური მონაცემები არასამსახურეობრივი, პირადი მიზნით შსს-ს მონაცემთა ბაზებში უკანონოდ გადაამოწმა.

GDI თ.ტ.-ს ინტერესებს 2017 წლის ივლისიდან იცავს. მიმდინარე წლის 6 მარტს, ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, თ.ტ.-ს მიმართ შსს-ს მაღალჩინოსნის მხრიდან სისტემატიური ძალადობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

GDI ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

ტაბულა აღნიშნული საქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან დაკავშირებას ცდილობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები