გერმანია

სოც.-დემოკრატებმა ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებად შოლცი და მასი დაასახელეს

Reuters

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჰაბურგის მერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰაიკო მასი ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება.

ოლაფ შოლცი ვიცე-კანცლერის პოსტსაც დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან სამთავრობო კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირეს.

კოალიციას პარტიის 464,000-მა წევრმა ხმა ფოსტით მისცა. მათმა 66%-მა კოალიციის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

მერკელი კანცლერი მეოთხე ვადით გახდება. მას პარლამენტი 14 მარტს დაამტკიცებს. წინა სამთავრობო კოალიციაც სოციალ-დემოკრატებთან შედგა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატების ლიდერები სამთავრობო კოალიციის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან ხელახლა შექმნას გამორიცხავდნენ. ახალ მთავრობაში 6 მინისტრს სოციალ-დემოკრატიული პარტია აირჩევს.

კოალიციის შექმნის შემდეგ ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ულტრა-მემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისათვის" იქნება.

ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შექმნას მხარი 27 თებერვალს დაუჭირა.

გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა. იმ შემთხვევაში, თუ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კოალიციის შექმნაზე უარს იტყოდნენ, მერკელის პარტიას უმცირესობის მთავრობის შექმნა ან ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევდა.

კომენტარები