Women in the World

თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას Women in the World სამიტზე ჰილარი კლინტონი წარუძღვება

ტაბულა

2018 წლის 12-14 აპრილს ნიუ-იორკში გაიმართება მეცხრე საერთაშორისო სამიტი Women in the World, რომელზეც მიწვეული არიან წარმატებული ქალები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სამიტზე სიტყვით გამოდიან აქტივისტი, ხელოვანი, დიპლომატი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი და სხვა პროფესიების წარმატებული ქალები. 

13 აპრილს დევიდ კოხის თეატრში სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პანელი სახელწოდებით - "ავტორიტარული რეჟიმების აღზევება და ექსტრემისტული ნაციონალიზმის ზრდა". მისი მოდერატორი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იქნება. პანელზე სიტყვით ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოვა. 

Women in the World 2010 წელს დაარსდა, ნიუ-იორკში გამართულ სამიტებს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ ისეთი ლიდერები, როგორიც არიან: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი, მელინდა გეითსი, მერილ სტრიპი, ანჯელინა ჯოლი, CNN-ის ჟურნალისტი კრისტინ ამანპური, მალალა იუსუფაზაი, ტომ ჰენკსი, გარი კასპაროვი და სხვები.


ფოტო: women in the world

ფონდი და ორგანიზაცია Women in the World 2011 წელს ბრიტანელმა ჟურნალისტმა თინა ბრაუნმა დაარსა. ბრაუნი 1984 -1992 წლებში ჟურნალ Vanity Fair-ის, 1992-1998 წლებში კი ჟურნალ New Yorker-ის მთავარი რედაქტორი იყო. 

2012 წლიდან სამიტის პარტნიორია Toyota, ღონისძიება დევიდ კოხის ცენტრში ტარდება.

კომენტარები