ოკუპაცია

კაპანაძე: კრემლისადმი კვირიკაშვილის მიმართვა საქართველოსთვის საზიანოა

საქართველოს პარლამენტი

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კრემლს მიმართა. პრემიერი მოსკოვისგან აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოების დაწყებისთვის კონსტრუქციულ მიდგომას ითხოვს. ამასთანავე, კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

გიორგი კვირიკაშვილის ამ მიმართვას საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე. კაპანაძის აზრით, მთავრობის მეთაურის მიერ კრემლში გაგზავნილმა წერილი მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის მონაპოვარს აყენებს საფრთხის ქვეშ.

"როდესაც რუსეთს მიმართავ, ემუდარები, თან მიანიშნებ, რომ მზად ხარ პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმატები შეცვალო, თან ისეთ ორაზროვან გზავნილს უშვებ, რომ თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვისაც მზად ხარ, ამით, რომ ქვეყანას ძალიან ასუსტებ, და ბევრი წლის დიპლომატიურ მონაპოვარს საფრთხის ქვეშ აყენებ, ნუთუ ეს რთული მისახვედრია?

რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ დაუბრუნეს. მაგრამ, რეალისტურად რომ შევხედოთ, რამდენი ხანი გააჩერებენ იქ ამ საწყალი ბიჭის ცხედარს? ორი კვირა უკვე დაიტოვეს. რა ვარიანტები აქვთ? არ გადმოგვცემენ და იქ დაკრძალავენ? არ დაკრძალავენ? კი, კიდევ გაწელავენ რამდენიმე დღე, მაგრამ საბოლოოდ, ხომ გარდაუვლად გადმოგვცემენ?

ოკუპანტები ჩვეულებრივ მანიპულირებენ ამ უმძიმესი ვითარებით, პრემიერი კი ამ სიტუაციის მძევლად იქცევს თავს და აქცევს ქვეყანას.

და როდესაც ცხედარს გადმოგვცემენ, მერე ხომ ამით ქულებს მოსკოვი და საქართველოში მყოფი რუსეთუმე პოლიტიკოსები ჩაიწერენ? აგერ, ბურჯანაძემ და ინაშვილმა უკვე კვერი დაუკრეს, სწორად მოიქეციო. ზუსტად ისეთივე ქცევაა ეს პრემიერისგან, როგორც ე.წ. ერთსქესიანმა ქორწინების "ვითომ" აკრძალვა და უცხოელებზე მიწის არ-მიყიდვა. ამ ნაბიჯებითაც პრო-რუს ძალებს "აჩუქა გამარჯვება".

და გამოვა საბოლოოდ, რომ ოკუპანტი, რომელმაც გმირი ბიჭი მოგიკლა, ჩაითვლება გულმოწყალედ, ხოლო რუსეთუმე ძალები გამარჯვებულად - მათ ხომ შეისმინეს პრემიერის ვედრება და ცხედარი დააბრუნეს.

ამაზე უარეს მდგომარეობაში, ძალიანც რომ გინდოდეს, ქვეყანას ვერ ჩააგდებ. თან სახელმწიფო დაასუსტო, თან მეომარი ბიჭი მოგიკლან, თან რუსეთუმეები გააძლიერო", - წერს კაპანაძე საკუთარ facebook-ში.

მიმართვა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

კომენტარები