აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმება მზადდება, ეს კარგი იქნება მსოფლიოსთვის

flickr

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმება მზადდება და ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.

"ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმება მზადდება და როდესაც დასრულდება ძალიან კარგი იქნება მსოფლიოსთვის. დრო და ადგილი გადაწყდება."

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის პირობა დადო და შეხვედრა არ შედგება, თუ ოფიციალური ფხენიანი შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

სამხრეთ კორეელმა ელჩებმა, რომლებიც კიმ ჩენ ინს ფხენიანში შეხვდნენ თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ დაიწყება თუ არა ეს აშშ-სთან შეხვედრებამდე.

სამხრეთ კორეის დელეგაციის თავდაპირველი განცხადებით შეხვედრა მაისში უნდა შედგეს, თუმცა დრო და ადგილი ოფიციალურად არ დაკონკრეტებულა. შეხვედრის შესაძლო ადგილებად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებული ზონა და ჩინეთის დედაქალაქი პეკინი განიხილება.

აშშ-ის მედიის მიხედვით ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციის მრჩევლებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, რომელიც ოფიციალურ ვიზიტებს აფრიკის ქვეყნებში მართავს, თქვა, რომ გადაწყვეტილებმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო. ტილერსონმა კენიაში დღეს დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთველობის მდგომარეობის გამო გადადო.

კომენტარები