ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

"მცემდა, მახრჩობდა, წიხლებს მირტყამდა" - ქალზე მოძალადე კვლავ შსს-ს მაღალჩინოსანია

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

"რაც სურდა, იმას აკეთებდა, ის იყო პოლიციელი და შემთხვევის ადგილიდან სხვა ყველას ყრიდნენ. შსს-ს ყველა დანაყოფი მის მხარეს იყო, მე ისე მექცეოდნენ, თითქოს ტერორისტი, საზიზღარი და გარეწარი ადამიანი ვიყავი".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელიც მეგობარ ქალზე სისტემატურად ძალადობდა, კვლავ უწყებაში რჩება. მან 2018 წლის 26 თებერვალს, როგორც თანამდებობის პირმა, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაც შეავსო.

შსს-მ, რომლის მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირებაა, თანამშრომლის მიერ ძალადობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დუმილს ამჯობინებს მთავარი პროკურატურაც, რომელმაც გიორგი ბერიძის მიმართ გამოძიება ორჯერ დაიწყო - ერთხელ შეწყვიტა და მეორე შემთხვევას თითქმის ორი წელია იძიებს.

გიორგი ბერიძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, მეგობარ ქალზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ეს დაადგინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც. დოკუმენტში წერია, რომ მან "ურთიერთშელაპარაკებისას მოქალაქე თ.ტ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა კეფის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ.ტ-ს დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე".

ამის მიუხედავად, იმავე დოკუმენტში გენერალური ინსპექცია წერს, რომ ადგილი არ ჰქონია ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელმაც ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილეს დისციპლინური გადაცდომა დაუდგინა და აღნიშნა, რომ ეს "მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქე თ.ტ.-ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დამამცირებელ მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა თ.ტ.-ს მიერ თვითდაზიანება".

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია გიორგი ბერიძის წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი გამოძიების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ გადაწყვიტა, რომ გიორგი ბერიძეს მხოლოდ შენიშვნა უნდა მიეცეს. უწყება ამას საფუძვლად უდებს ხელძღვანელობის მხრიდან ბერიძის დადებით დახასიათებასა და მის კვალიფიკაციას.

ძალადობა

ტაბულა ესაუბრა თ.ტ.-ს, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსნის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ორი წლის განმავლობაში იყო.

ნინო (პირობითი სახელი) ჰყვება, რომ გიორგი ბერიძესთან ურთიერთობა 2014 წლიდან დაიწყო და ის მოძალადეს არ ჰგავდა. დადიოდნენ თეატრში, კინოში, დასვენების დღეებში კი ქალაქგარეთ, პიკნიკებზე.

ნინოს ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა რამდენიმე თვეში დაიწყო. ბერიძე მას უყვებოდა შსს-ს მიერ განადგურებული ნარკოტიკების შესახებ და ერთხელ ჰკითხა - ეშინოდა თუ არა იმის, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის ნარკოტიკი აღმოეჩინათ.

"დადებითი და კარგი პიროვნება იყო, განათლებული. მიზიარებდა წიგნებს, ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ბიჭი მოძალადე იქნებოდა. გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. რამდენიმე თვის შემდეგ, მოულოდნელად, ძალიან უხეშად მელაპარაკა, მაგინა და მითხრა, რომ ჩემთან ურთიერთობა აღარ სურდა. შედეგად, ერთმანეთს დავშორდით. გარკვეული დროის შემდეგ გავაგრძელეთ მიმოწერა, თუმცა ურთიერთობაში სირთულეები კვლავ გვქონდა. ამ პერიოდში, ოჯახშიც მქონდა პრობლემები და ერთ დღეს, ძალიან დაღლილი და გაღიზიანებული რომ ვიყავი, ხუმრობით ვუთხარი, დავიღალე, თავი უნდა მოვიკლა-მეთქი. რამდენიმე საათში მოვიდა ჩემთან სახლში, ლამის კარები ჩამოიღო, იყო არასამსახურეობრივ ფორმაში, მაგრამ ჰქონდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი. მომაწოდა და მიყვიროდა - მოიკალი თავიო", - ამბობს ნინო ტაბულასთან.

ძალადობის მსხვერპლი ჰყვება, რომ ამის შემდეგ დაიწყო სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ნინოს თქმით, მაშინ, როცა სცემდა, გიორგი ბერიძე ნასვამ მდგომარეობაში იყო და "ფხიზელი არის ჩვეულებრივი, კონტაქტური, ნორმალური ადამიანი". ის ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ ბერიძე უხდიდა ბოდიშს და ამბობდა, რომ ის არ არის მოძალადე.

"ფსიქოლოგიურად ძალადობდა ჩემზე. მეუბნებოდა, რომ თუ თვალთახედვის არეალიდან დავიკარგებოდი, გამანადგურებდა ოჯახით. მუდმივად კონტაქტზე უნდა ვყოფილიყავი. ერთხელ, თავის კორპუსთან კისერში ხელი წამიჭირა, მანქანაზე თავი დამარტყმევინა. ეს ყველაფერი ხდებოდა დილით, ქუჩაში, თუმცა არავინ დამხმარებია. მერე დამიბარა სახლში, მითხრა, რომ ავად იყო და უნდა მივსულიყავი. კართან დამხვდა, შემათრია სახლში, გაუგონარი სისასტიკით მექცეოდა, წიხლებს მირტყამდა, თავზე ფეხს მაჭერდა. ცხვირიდან სისხლი რომ წამომივიდა, ხარხარებდა. მეუბნებოდა, რომ პოლიციაში წასვლით ვერაფერს ვიზამდი, ტყუილად თავს გავიბახებდი, ყველა იტყოდა ჩემზე, რომ ვიყავი ბოზი, ვის დავარწმუნებდი, რომ მასთან არაფერი მქონდა, რომ ვიყავი მისი ერთ-ერთი ნაშა. ფეხებს ვერ მომჭამ, რადგან ჩემია ყველა და ყველაფერიო. მეორე დღეს ფეხზე ვერ ვდგებოდი, ისეთი ნაცემი ვიყავი. ამის შემდეგ მანქანაში გამისწორდა ფიზიკურად. როცა ვამბობდი, პატრულს გამოვიძახებ-მეთქი, თვითონ იძახებდა და ეუბნებოდა, რომ იყო დამსახურებული პოლიციელი. აქ მთავრდებოდა ყველაფერი", - ამბობს ნინო.

გარდა ამისა, ნინო ჰყვება, რომ გიორგი ბერიძე პერიოდულად თვითმკვლელობას სთავაზობდა და ამის გამო, ერთხელ ვენებიც გადაიჭრა.

"ხშირად მთავაზობდა, რომ თავი მომეკლა მისი იარაღით, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი. ძალიან ცუდად ვიყავი, თავს დაუცველად ვგრძნობდი, არავინ არაფერი იცოდა, პოლიციას ჩემი არ სჯეროდა, კანონი მას ამართლებდა. ვიფიქრე, რომ ასეთ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. მივედი მის ეზოსთან და ვენები გადავიჭერი. მიყურებდა ამ დროს, დამაცადა, როგორ გადავიჭერი ვენები, მერე ხელი დამიჭირა და დარეკა 112-ში, სადაც უთხრა, რომ მას თავს დაესხნენ. სანამ ისინი მოვიდოდნენ, მცემა, კედელზე მარტყმევინებდა ზურგს. მოვიდა საპატრულო პოლიცია, 3-4 საათის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ქუჩაში, შემდეგ კი, ღამის სამ საათზე გადამიყვანეს დაკითხვაზე. დედაჩემსაც არ ეუბნებოდნენ სად ვიყავი, დედამ მომძებნა და გენერალურ ინსპექციაში უთხრეს სად ვარ. ექსპერტიზით დადასტურდა ჩემი დაზიანებები, პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება, მაგრამ მალევე შეწყდა. [გიორგი ბერიძემ] როგორც კი გაიგო ამის შესახებ, მომივარდა სახლში, ბოზს მეძახდა და მეუბნებოდა, რომ ფეხებს ვერ მომჭამ, ხომ ხედავ, ვერაფერი ვერ მიქენიო", - ჰყვება ნინო.

გარდა ამისა, ნინოს თქმით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მას უკანონოდ თავისუფლებაც შეუზღუდა. ფაქტზე გამოძახებულმა პატრულმა კი მოქალაქეები, რომლებმაც პოლიციაში დარეკეს, შემთხვევის ადგილიდან გაუშვა.

"აფთიაქში მივდიოდი. დამინახა და გამომეკიდა, თავისუფლება აღმიკვეთა უკანონოდ. გამვლელებს ვთხოვე დახმარება, ეს ბიჭები რეკავდნენ საპატრულოში, თუმცა ამან დაასწრო და პატრულს უთხრა, რომ პოლიციის დამსახურებული მუშაკია. ეს ბიჭები გაყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - გარეკეს შემთხვევის ადგილიდან. მე მეუბნებოდნენ, რომ ვიყავი ხულიგანკა, თავს ვესხმი უდანაშაულო პოლიციელს, როგორ ვცოცხლობ და ა.შ. მაკავებდნენ ხულიგნობის ბრალდებით და აფექტის გამო გავიქეცი, ვაპირებდი მანქანებს შევვარდნოდი. პოლიციამ ამის გამო დაუმორჩილებლობისთვისაც დამაკავა. ძალიან ცუდად ვიყავი, დამამშვიდებელი ვთხოვე. პატრულმა იყიდა და შორიდან მაჩვენებდა, როგორც ძაღლს, გიყიდეო და არ მაძლევდნენ.

მეორე დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც ვთქვი, რომ ჩემზე ძალადობდა. მისი არგუმენტი იყო, რომ მოძალადე რომ იყოს, პატრულს არ გამოიძახებდა. გარდა ამისა, მადანაშაულებდა, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი. მოსამართლემ მე გამამართლა", - ამბობს ნინო.

რეაგირება

აფთიქის შემთხვევა 2016 წლის ივლისში მოხდა, რომელზეც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოიძიება დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მოგვიანებით, კოდექსიდან ამ მუხლის ამოღების გამო, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს. ნინო ამბობს, რომ ივლისში მომხდარი ძალადობის კვალის აღმოსაჩენად ექსპერტიზაზე ოქტომბერში დაიბარეს.

"ძალადობის შემდეგ პერიოდში არავის დავუკითხივარ, ვიტარებდი მკურნალობას. მხოლოდ სექტემბერში დამიბარეს დაკითხვაზე, ექსპერტიზა კი ოქტომბერში დანიშნეს. ექსპერტმა მიცნო და გაუკვირდა, რომ მოძალადე კიდევ მუშაობდა შსს-ში. კვლავ დამიდასტურდა დაზიანებები. ამის შემდეგ პროკურატურისგან არაფერი ვიცი, არავინ შემხმიანებია, გამომძიებელი ჩემს ზარებსაც არ პასუხობს", - ჰყვება ნინო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძალადობა აღარ ხდება, რადგან პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ნინო შიშობს, რომ შეიძლება ძიება კვლავ შეწყდეს.

"ამ ეტაპზე ძალადობა არ არის, მაგრამ გამოძიების შემდეგ რა მოხდება არ ვიცი. დაცული რომ არ ვარ, ეს ცხადია. წინა გამოძიების შეწყვეტის შესახებ როგორც კი გაიგო, ძალადობა გააგრძელა. ფაქტია, რომ რითიც მემუქრებოდა, იმის გაკეთება შეეძლო - როცა უნდოდა, აღმიკვეთა თავისუფლება, უკანონოდ გამიშვა "კაპეზეში" და საავადმყოფოში. რაც სურდა, იმას აკეთებდა, ის იყო პოლიციელი და შემთხვევის ადგილიდან სხვა ყველას ყრიდნენ", - ამბობს ის.

ნინოს იურისტების იმედი აქვს.

"მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი და იურისტები ჩაერთნენ საქმეში, მარტო რომ აღარ ვარ, იმედი მომეცა. ადრე ყველა შემთხვევაზე მოდიოდა წერილი, რომ მე ვიყავი დამნაშავე და ხულიგანი, ის კი უდანაშაულო. სულ მე მამცირებდნენ, აგდებულად მეპყრობოდნენ. შსს-ს ყველა დანაყოფი მის მხარეს იყო, მე ისე მექცეოდნენ, თითქოს ტერორისტი, საზიზღარი და გარეწარი ადამიანი ვიყავი", - ამბობს ის.

ნინოს ინტერესებს ამ ეტაპზე "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავს. ორგანიზაციის იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძის მხრიდან ძალადობაზე გამოძიება ორჯერ დაიწყო, მსხვერპლი არც ერთ შემთხვევაში არ არის ცნობილი დაზარალებულად. შესაბამისად, მის ადვოკატებს არ აქვთ წვდომა საქმის მასალებთან და ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელშიც ნინოსთვის მიყენებული დაზიანებები უნდა იყოს ასახული. თუმცა, ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, აქვთ ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ჯანმრთელობის დაზიანებები დასტურდება.

"ცემის მუხლი მსუბუქი მუხლია იმასთან შედარებით, რაც შეესაბამებოდა მოძალადის ქმედებას. მაგალითად, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. პირველი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, გენინსპექციამ პირდაპირ დაწერა დასკვნაში, რომ ბერიძის მხრიდან ამ ქალის მიმართ ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავ მოპყრობას და ამისთვის მას დისციპლინური გადაცდომა დაუდგინა. არც ერთ შემთხვევაში არც პროკურატურის და არ გენინსპექციის ქმედება არ იყო ეფექტური, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არასდროს სიტყვიერ შენიშვნას არ გასცდენია მოძალადის მიმართ სანქცია", - ამბობს მარიკაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მოძალადე იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას, ნინოს უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება, რომელიც შემდეგ პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა. ადვოკატი ამას ასაჩივრებს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნით, შსს-ს მაღალჩინოსანმა, გიორგი ბერიძემ, 2016 წლის 4 და 18 თებერვალს, ასევე 16 ივნისს თ.ტ-ს პერსონალური მონაცემები არასამსახურეობრივი, პირადი მიზნით შსს-ს მონაცემთა ბაზებში უკანონოდ გადაამოწმა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა, საქმეზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

იმის გამო, რომ სახელმწიფომ ნინოს უფლებების დაცვა ვერ შეძლო, GDI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

სტატისტიკა

საქართველოში 15-64 წლის ასაკის 7-დან ერთ ქალს სიცოცხლის მანძილზე გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების ცხოვრებაში ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა ხშირი მოვლენაა.

დოკუმენტის მიხედვით, იმ ქალების 14%, ვისაც ოდესმე ჰყოლია ქმარი ან პარტნიორი, აცხადებს, რომ განუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა მისი მხრიდან.

6%-მა განაცხადა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან განუცდია ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა.

ქალთა თითქმის 10%-ს გამოუცდია რაიმე სახის ეკონომიკური ძალადობა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

პარტნიორების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსუბუქ ფორმებზე საუბრობს გამოკითხულთა 70%, ხოლო მძიმე ფორმებზე 30%. მათ შორის ასახელებენ დახრჩობას, დამწვრობას და ძალადობას იარაღის გამოყენებით.

კვლევის მიხედვით, ქალების 19%-სა და კაცების 9.6%-ს ერთი ნაცნობი მაინც ჰყავთ ოჯახებსა თუ სამეგობრო წრეში, რომელსაც ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ხოლო ქალების 9.8% და კაცების 4%-მა განაცხადა, რომ იცნობენ ძალადობის მსხვერპლს მათ სამსახურსა თუ სასწავლებელში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს შედეგები უფრო მაღალია ვიდრე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის რეალური, ფაქტობრივი მაჩვე­ნებლები უფრო მაღალია, ვიდრე თავად ქალების მიერ გაცხადებული ძალადობის შემთხვევები.

ტაბულამ ოჯახში ძალადობის თემაზე ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. მოქალაქეებს ორი კითხვით მივმართეთ:

  • რას მოიმოქმედებდით, თუ გაიგებდით, რომ მეზობელი ცოლზე ძალადობს?
  • დარეკავდით თუ არა პოლიციაში?

ნახეთ ვიდეო >>>

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ზაფხულის ბაშოზე

კომენტარები