დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ჯონ მაკდონელი ლეიბორისტ პარლამენტარებს: Russia Today-ზე აღარ უნდა გამოჩნდეთ

ჯონ მაკდონელი
PA photos

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯონ მაკდონელმა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტარებს მოუწოდა აღარ გამოჩნდნენ კრემლის მიერ დაფინანსებულ არხ Russia Today-ზე.

მისი თქმით არხის მაუწყებლობა სცდება ობიექტურ ჟურნალიზმს და სალისბურის მოვლენების შემდეგ სწორი საქცეილი იქნება, თუ თავად და ლეიბორისტული პარტიის სხვა წევრები ამ არხზე აღარ გამოჩნდებიან.

"მესმის, თუ რატომ ჩნდებოდნენ [Russia Today-ზე] დღემდე, რადგან მას რიგით ტელევიზიასავით ვექცეოდით. ვცდილობდით სამართლიანები ვყოფილიყავით მათი მისამართით. ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ იცავდნენ და ობიექტურები იყვნენ, მისაღები იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამ ხაზს გასცდნენ." თქვა მან.

მაკდონელმა ბრიტანეთის მთავრობას სალისბურიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის მაგნიტსკის აქტის ბრიტანული ვერსიის შემუშავებისაკენ მოუწოდა, რომელიც კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის რუსებს სანქციებს დაუწესებს.

თუმცა მან მხარი არ დაუჭირა მოკლული რუსი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივის მოწოდებას, რომ კონსერვატიულმა პარტიამ ტერეზა მეის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესებიდან შემოწირულობის სახით მიღებული £820,000 უნდა დააბრუნოს.

"ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომლებიც არიან ბრიტანეთის მოქალაქეები და წარმოშობით რუსები - მე არ ვფიქრობ, რომ პუტინის გამო მათ სამარცხვინო დაღი უნდა დავასვათ." "ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხი ამ ქვეყანაში სხვადასხვა ადგილიდან მოდის და ხდება ბრიტანეთის მოქალაქე, ცხოვრობს ბრიტანეთის კანონებით და მათ უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული უფლება, როდესაც ბრიტანეთის მოქალაქეები გახდებიან." თქვა მან.

სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილი ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მარინა ლიტვინენკომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა გააფრთხილა: "კარგად უნდა აარჩიოთ ვისთან იმეგობრებთ." "როდესაც ფულიან ხალხს თქვენს ქვეყანაში შემოსვლის და ბიზნესის კეთების საშუალებას აძლევთ, უნდა დარწმუნდეთ საიდან მოდის ეს ფული."

მარინა ლიტვინენკოს თქმით 2006 წელს მისი ქმრის მოწამვლაზე ბრიტანეთის მთავრობის რეაგირება საკმარისად ძლიერი არ იყო. ლიტვინენკოს მკვლელობასთან კრემლის დაკავშირებისათვის გამოძიებას თითქმის 10 წელი დასჭირდა. დღემდე რუსეთი მკვლელობაში ბრალდებულების ექსტრადირებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ცნობით, ინგლისი რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობა დადასტურდება.

Russia Today-ს დიდი ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა Ofcom-მა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების შეცდომაში შემყვანი გაშუქებისათვის სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსულ არხთან ლეიბორისტული პარტიის წევრების ინტერვიუებს "აბსოლუტური სკანდალი" უწოდა. თუმცა, წარსულში, არხზე კონსერვატიული პარტიის პარლამენტარებიც გამოჩენილან.

კომენტარები