არჩილ ტატუნაშვილის საქმე

NGO-ები: პრემიერის გზავნილები რუსეთისადმი გაუგებარია, რუსეთის პასუხი ცინიკური

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერის მიერ რუსეთის ხელისუფლებისათვის გაგზავნილ წერილს და რუსეთის პასუხს აფასებენ. კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის საქმეზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება რუსეთს და ამ ფონზე პრემიერის განცხადება რთული გასაგებია და მისი გზავნილები ბუნდოვანი. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი განცხადება, სადაც ის რუსეთს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის „კონსტუქციული მიდგომისკენ” მოუწოდებს, რთული გასაგებია. ამავე კონტექსტში, ასევე ბუნდოვანია მისი გზავნილი, „სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმის” მზაობაზე. გაუგებარია, რისი მიღწევა სურს  მსგავსი განცხადებით საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ გადამეტებულია მოლოდინი, თუ ასეთი არსებობს, რომ რუსეთი უეცრად საქართველოს მიმართ შეცვლის თავის მიდგომას და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. ამიტომ, ეს განცხადება არ გახლავთ შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი და უფრო იმ მთავრობის განაცხადს გავს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა, გაუმკლავდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევებს. პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას,  ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და ‘დაგვრთოს ნება’ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ რუსეთის პასუხი პრემიერის მიმართვაზე თავისი შინაარსით ცინიკური და საფრთხის შემცველია. ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის გზავნილები არ არის მკაფიო.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე, თავისი შინაარსით ცინიკური და იმადროულად, საფრთხის შემცველია და არა პოზიტიური გამოხმაურება საქართველოს პრემიერის შეთავაზებულ თანამშრომლობაზე. დღეს, საზოგადოებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის გზავნილები მკაფიო არ არის, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უმწეობის შეგრძნებას იწვევს. ჟენევის მოალაპარაკებების არსებული ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. ეს ფორმატი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად ეცადოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამ ფონზე, გაუმჭვირვალეა და შესაბამისად დროდადრო კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მიერ ინიცირებული ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა, და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ? საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის." - წერია განცხადებაში. 

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით.

განცხადებას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

საზოგადოება და ბანკები

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას გუშინ უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვირიკაშვილის წერილს ყურადღებით გაეცნენ და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერის მზაობასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მათი თქმით, წერილიდან იკვეთებოდა. 

9 მარტს გაგზავნილ წერილში გიოორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

კომენტარები