თამაზ მეჭიაური

ომბუდსმენის თქმით, მეჭიაური თანამშრომლების პოლიტიკურ დისკრიმინაციას ახდენდა

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური თანამშრომლების წინააღმდეგ პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწეოდა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები 2017 წლის ნოემბრიდან საშეშე მერქნით არ მომარაგებულან, ვინაიდან, მოქმედი მერი მათ განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად აღიქვამს.

"ეს გარემოება თანამშრომლებს მძიმე პირობებში აყენებს და ხელს უშლის სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში დასაქმებულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ღუმელების გასათბობად შეშა სახლებიდან მოაქვთ", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველს მიიჩნია, რომ უფლებამოსილების შესრულებიდან, 2017 წლის 13 ნოემბრიდან, მოპასუხეს, თამაზ მეჭიაურს საკმარისი დრო ჰქონდა შეესწავლა მისი წარმომადგენლების სამუშაო პირობები და ღირსეული და ადეკვატური შრომის პირობების შესაქმნელად ყველა აუცილებელი ზომა მიეღო.

გარდა ამისა, ომბუდსმენი სკეპტიკურად აფასებს მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 9 იანვარს საშეშე მასალით მომარაგების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა ყველა ადმინისტრაციული ერთეული საშეშე მასალით მომარაგდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დროითი ეფექტურობის გონივრულ სტანდარტს და საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

2018 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს,  თამაზ მეჭიაურს რეკომენდაციით მიმართა – აღმოფხვრას თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ არსებული მძიმე სამუშაო პირობები და უზრუნველყოს საშეშე მერქნით მათი დროული მომარაგება.

ამასთან, ომბუდსმენი მეჭიაურს მიმართავს, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური ყოფილმა თანამშრომლებმა პოლიტიკურ დევნაში დაადანაშულეს და ღია წერილი გაავრცელეს.

ისინი აცხადებენ, რომ მეჭიაური მათ სამსახურში გაუსაძლის პირობებს უქმნიდა, რათა სამუშაო საკუთარი ნებით დაეტოვებინათ, 5 მარტს კი გაათავისუფლა.

"მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4-წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით?! რატომ ხდება ჩვენი პოლოტიკური ნიშნით დისკრიმინაცია?!", - აცხადებენ თიანეთის მერიის ყოფილი თანაშრომლები.

მათივე ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურმა თანამშრომლები შეშით არ მოამარაგა, რის გამოც, გაუსაძლის ყინვაში უხდებოდათ მუშაობა. გარდა ამისა, გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ თიანეთის მერმა "კაპოტზე ქეიფი" მისაბაძ საქციელად აქცია.

თამაზ მეჭიაურმა ტაბულას უთხრა, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი შიდა აუდიტის დასკვნა გახდა. თიანეთის მერი ასევე აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები ზაქარია ქუცნაშვილის "პირადი სამოურავოდან" არიან.

რაც შეეხება შეშით მომარაგების საკითხს, მეჭიაურის თქმით, მერიის წარმომადგენლებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მომარაგების შესახებ ჯერ კიდევ ყოფილი მერისთვის უნდა ეცნობებინათ. მიუხედავად ამისა, თიანეთის ამჟამინდელი მერის მტკიცებით, თანამშრომლებს შეშა გადასცეს, თუმცა, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, პროცესი გაიწელა.

"ეს [ბრალდება] არის აბსურდი. მე შევუდექი საქმიანობას 13 ნოემბერს. ჯერ კიდევ ოქტომბერს თიანეთში მოვიდა ისეთი თოვლი, რომ იქ ადამიანი მართლა ვერ გაძლებდა. მოგეხსენებათ, შეშას იმარაგებენ ზაფხულში, რადგან შემოდგომით უკვე ყინვებია. ჩემს მისვლამდე უნდა ჰქონოდათ მომარაგებული. თანაც ამ ტერიტორიულ ერთეულებში წარმომადგენლებს უშუალოდ ევალებათ არამხოლოდ საკუთარი, არამედ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციების პრობლემების მიტანა იქამდე, ვის წარმომადგენლებიც არიან. ამიტომ, მათ იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა იყო, ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედისთვის უნდა ეცნობებინათ. გრიგოლ კახოშვილი ჩემი მისვლის წინა დღეს გავიდა შვებულებაში და დაბრუნდა დეკემბერში. მე ვერ გავიგებდი მას დაკეტილ კაბინეტში შეშა ჰქონდა თუ არა. გარდა ამისა, არსებობს გათბობის სხვა საშუალებებიც. როცა გამოვიდნენ და ითხოვეს შეშა, მხოლოდ ერთი მოხსენებითი ბარათი იყო. ამაზე იყო რეაგირება, მაგრამ ამას აქვს პროცედურები - ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომ შეისყიდო შეშა. გასული წლის ბიუჯეტი გახარჯული იყო და მომდევნო წლის ბიუჯეტი მათივე საკრებულომ არ დაგვიმტკიცა. ამიტომ, პროცესი გაიწელა და 10 იანვრისთვის შევძელით შეშის მიცემა", - აცხადებს თიანეთის მერი.

კომენტარები