C.T Park

C.T Park კომპენსაციის მოთხოვნას და მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავს 

C.T Park

სითი პარკი გეგმავს, თბილისის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ტაბიძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, კომპანიაში მერიის გადაწყვეტილების შესახებ კალაძის ბრიფინგიდან შეიტყვეს. 

„სითი პარკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. ეს ცნობილი გახდა მხოლოდ თბილისის მერის სატელევიზიო გამოსვლით. მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც ბიზნესის, ასევე უცხოელი ინვესტორის ინტერესებს". 

განცხადება, რომ 10 აპრილიდან თბილისის მერია სითი პარკთან ხელშეკრულებას შეწყვეტს, კალაძემ დღეს დილით გააკეთა. მან თქვა, რომ პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერის თქმით, დღეს საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

მისმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ კი თქვა, რომ მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს, რადგან სითი პარკს თავისი ვალდებულებები არ შეუსრულებია. 

„საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს იმ შემთხვევაში უწევს, როდესაც ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა იმიტომ, რომ კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა, ყოველმხრივ, საზოგადოებრივი ინტერესები და მოქალაქეების უფლებები, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება - საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების დაცვით", - თქვა ირაკლი ხმალაძემ. 

კომენტარები