პრემიერი: ჩემ მიერ რუსეთისთვის მიმართვაზე ძალიან აბსურდული შეფასებები მოვისმინე

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი რუსეთისადმი მის მიერ გაგზავნილ მიმართვაზე გაკეთებულ შეფასებებს აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. 

"ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს." - თქვა კვირიკაშვილმა. 

რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების პასუხს მის მიმართვაზე, პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის პასუხი "ტოვებს სივრცეს საუბრისთვის". 

"მინდა, ასევე აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია - ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება." - ამბობს პრემიერი. 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას რამდენიმე დღის წინ უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვირიკაშვილის წერილს ყურადღებით გაეცნენ და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერის მზაობასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მათი თქმით, წერილიდან იკვეთებოდა. 

9 მარტს გაგზავნილ წერილში გიორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის რუსეთისადმი გაგზავნილი წერილი გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

კომენტარები