უბედური შემთხვევა

მეტროში, დიდუბე-გოცირიძის ხაზზე, მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაცით, თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე, სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია, მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. 

"როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ და ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა.

"ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები