დონალდ ტრამპი

ტრამპი ჩინური იმპორტისთვის დამატებითი ტარიფიების დაწესებას გეგმავს

Reuters

დონალდ ტრამპმა შესაძლოა ჩინურ იმპორტს დამატებითი ტარიფები დაუწესოს, Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ტარიფები 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე გავრცელდება, რომელთა წლიური იმპორტის მოცულობაც $60 მილიარდს აჭარბებს.

სავარაუდოდ, ახალი ტარიფები ტექნოლოგიებზე, ძირითადად ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიებზე გავრცელდება. 

2017 წელს ჩინეთის ექსპორტმა აშშ-ში $505 მილიარდი შეადგინა. ამერიკული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში კი $130 მილიარდი იყო. შესაბამისად, ჩინეთის დადებითი სავაჭრო სალდო აშშ-სთან $375 მილიარდია.

დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებას. უცხოური ფოლადი აშშ-ის საზღვარზე 25%-ით, ალუმინი კი 10%-ით დაიბეგრება.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ში წარმოების ზრდას ისახავს მიზნად, თუმცა სავარაუდოდ მისი შედეგები ნეგატიური იქნება. 

ინდუსტრიები, რომელთა მთავარი ნედლეულიც ფოლადი და ალუმინია (მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა და სხვა) 17 მილიონ ამერიკელს ასაქმებენ. 

ახალი ტარიფების გამო გაძვირდება ამ ინდუსტრიების მთავარი ნედლეული, რაც მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა. 2002 წელს ჯორჯ ბუშმაც გაზარდა იმპორტულ ფოლადზე ტარიფები, რასაც ამ სექტორებში დასაქმებულთა 200,000-ით შემცირება მოჰყვა.

ამავდროულად, პრობლემას წარმოადგენს საპასუხო ტარიფებიც, რადგანაც ქვეყნები ხშირ შემთხვევაში ახალ ტარიფებს სარკისებური ტარიფებით პასუხობენ. 

ევროკავშირი უკვე ამზადებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ 25%-იან ტარიფებს ამერიკულ პროდუქციაზე. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ტარიფები საქონლის უფრო ფართო ჯგუფებზე გავრცელდება, ესენია:

  • ფოლადი
  • ტანსაცმელი და ტექსტილი
  • ინდუსტრიული პროდუქტები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია

ჩინეთს აშშ-ის საპასუხო ტარიფების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საპასუხო ტარიფების ეკონომიკური შედეგებიც საზიანოა, ერთის მხრივ ამერიკულ პროდუქცია მსხვილ საექსპორტო ბაზარზე მაღალი ტარიფის გამო კონკურენტუნარიანობას კარგავს, რის გამოც ამერიკაში წარმოების მოცულობა მცირდება, მეორეს მხრივ კი უცხოური ქვეყანა მის მოსახლეობას უძვირებს პროდუქციას, რაც ამ ქვეყანაში მოსახლეობის ხარჯების ზრდას იწვევს.

დონალდ ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგია

დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალ სავაჭრო კავშირზე უარის თქმა იყო. ბაკარ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ ტრანს-წყნაროკეანური  პარტნიორობის ზრდაზე მუშაობდა. მზადდებოდა ახალი სავაჭრო კავშირი TPP, რომელშიც 12 ქვეყანა უნდა გაწევრიანებულიყო და რომლითაც ამ ქვეყნებს შორის თავისუფალი და ლიბერალიზებული სავაჭრო რეჟიმი უნდა ამოქმედებულიყო. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს შეთანხმება "დამღუპველი" იქნებოდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.

TPP-ის ჩამოყალიბებას ხელი 12-მა სახელმწიფომ მოაწერა, ესენია: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი. ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროებოდა.

კომენტარები