რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ 23 რუს დიპლომატს გააძევებს

ტერეზა მეი
Getty Images

დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომები მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების და ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტის შეჩერებას, რუსეთის სახელმწიფოს ანგარიშების გაყინვას და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შემცირებასაც მოიცავს (მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები).

სერგეი სკრიპალის რუსული ნერვული აგენტით მოწამვლას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზეც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვდა. დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ვიზებზე შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და დიდი ბრიტანეთში Russia Today-ს მაუწყებლობის შეჩერებას განიხილავდა. პრემიერმინისტრის თქმით დიპლომატების გაძევება საპასუხო ზომების პირველი ნაწილია.

კომენტარები