რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალი იარაღის სახელის ასარჩევად გამოკითხვას ატარებს

vote.mil.ru

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო იარაღის ასარჩევად გამოკითხვა ტარდება.

საბრძოლო ლაზერების კომპლექსის სავარაუდო სახელებს შორისაა "ბასილისკი", "სხივი", "დრაკონი", "ბაჭია", "ოფთალმოლოგი" და ა.შ.

უპილოტო წყალქვეშა ხომალდის, რომელსაც სავარაუდოდ ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, სავარაუდო სახელებს შორის "კრაკენი", "პოსეიდონი" და "კარჩხანი" ლიდერობს.

რაც შეეხება "უახლეს" რაკეტას, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია, მის სავარაუდო სახელებს შორისაა "იმპერატორი", "მოულოდნელობა", "პალმირა" და "ჩებურაშკა".

გამოკითხვას თან ახლავს ვლადიმირ პუტინის მიერ პირველ მარტს რუსეთის პარლამენტში ნაჩვენები ვიდეოები.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გაავრცელა, რომელზეც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს. რაკეტა "Кинжал"-ი MiG-31 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა გაუშვა და სამინისტროს მტკიცებით მან სამიზნეს მიაღწია.

მათი განცხადებით ეს ზებგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთია და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

 

კომენტარები