აზიური ფაროსანა

როცა ფაროსანა გაიღვიძებს

აზიურ ფაროსანას ახლა სძინავს.

საქართველოს 810,000 მოქალაქე ცხოვრობს ზონაში, სადაც ფაროსანა რამდენიმე კვირაში გამოვა ჰიბერნაციის ანუ ძილის ფაზიდან და სასოფლო სამურნეო კულტურებით კვებას დაიწყებს.

2017 წელს დამდგარი უმძიმესი შედეგებისა და ფაროსანას გამრავლების ტემპების, გათვალისწინებით, წელს დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. არსერბობს რისკი, რომ მოსახლეობას პარაზიტების გაათმაგებულ პოპულაციასთან მოუწიოს ბრძოლა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საექსპორტო კულტურების მოსავალი, რამაც ათასობით ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე შეიძლება დატოვოს. ამავდროულად, გაზრდილ რისკს წარმოადგენს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიკატების გარემოსა და ადამიანებზე მავნე ზემოქმედების ალბათობა. ქიმიკატების არასწორმა გამოყენებამ და შეწამვლის ვადების დარღვევამ ადამიანთა ჯანმრთელობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე. 

2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 232 მილიონი ლარით (53%-ით) შემცირდა. მკვეთრად შემცირდა არასაექსპორტო კულტურების, მათ შორის სიმინდის მოსავალიც.

პარაზიტი გამოსაზამთრებლად ათასობით სახლში შევიდა, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობა საწოლებში, კარადებში და სხვა სათავსებში შეკრებილ ასობით აზიურ ფაროსანას პოულობს.

როგორ დაიწყო შემოსევა

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს შენიშნეს, მაშინ ბაღლინჯომ სოფლის მეურნეობას ზიანი მართალია მიაყენა, მაგრამ მისი მასშტაბები მცირე იყო. მდედრი ფაროსანა ცხოვრების განმავლობაში 200 კვერცხს დებს, პრაქტიკულად ამ ტემპით გაიზარდა პარაზიტის პოპულაცია 2016 წელს. ამ წელს აზიური ბაღლინჯო თავისი გავრცელებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარაზიტად იქცა. 2016 წელს ფაროსანამ მედიის ყურადღებაც მიიპყრო, მაშინ იწერებოდა რომ შემოსევა იყო ფოთში, სამტრედიასა და ზუგდიდში.

მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფაროსანა ასე აღწერა: “ხოჭოს ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტი შემოაქვს.” სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლა არ მომხდარა.

2017 წელს კი აზიური ფაროსანას ეპიდემიური გავრცელება უმთავრეს გამოწვევად იქცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობენ. საქმე იმაშია, რომ აზიური ფაროსანა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მავნებელი, რომელმაც მსოფლიოს ათობით ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ფაროსანა 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება. ანადგურებს, როგორც თხილს, ასევე სხვა თესლოვან და კურკოვან ხეხილს, კენკრას, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს ატამს, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს აყენებს.

აზიურ ფაროსანას “მყრალ ბაღლინჯოს” ინგ. Stink bug-ს უწოდებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ გამოყოფს მყრალ სუნს, რომლითაც პოტენციურ მტაცებლებს განდევნის.

ბუნებრივი მტრის არარსებობის პირობებში მათ უკონტროლო გამრავლებას ხელს პრაქტიკულად არაფერი არ უშლის.

დაგვიანებული რეაგირება, დაკარგული წელი

სახელმწიფომ ფაროსანას საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანია მხოლოდ 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამ პერიოდისთვის ზამთრის ბუდობიდან გამოსული ფაროსანები იღვიძებდნენ. იმის გამო რომ ფაროსანა 200 კვერცხს დებს მათი რაოდენობა კოლოსალური ტემპით გაიზარდა, რის გამოც სახელმწიფოს ჩარევამ პარაზიტის შეჩერება ვერ შეძლო.

ფერმერთა თქმით, ხარვეზებს შეიცავდა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას საწინააღმდეგო ინსექტიციდების გაფრქვევის პროგრამაც.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები ფრაგმენტირებულია, მათი უდიდესი ნაწილი მცირე ზომისაა, ამადვროულად, ფაროსანსას გავრცელების ზონაში, ანუ დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობა ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებშია კონცენტრირებული.

ფაროსანას საწინააღმდეგო ინსექტიციდების შესხურება არ იყო თანადროული, იმის გამო რომ ნაკვეთები ერთდროულად არ შეიწამლა ფაროსანებს შეეძლოთ ერთი ნაკვეთიდან შეუწამვლელ ნაკვეთში გადასულიყვნენ.

იმის გამო, რომ საინფორმაციო კამპანია მხოლოდ 2017 წელს დაიწყო მოსახლეობამ ხელიდან გაუშვა ის მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ფაროსანების მცირე პოპულაციის მოკლე ვადაში განადგურება იყო შესაძლებელი.


ფოტო: USDA

აზიური ფაროსანას გამოსაჩეკად გამზადებული კვერცხები (წითელი წერტილები თვალებია, შავი ხაზი კი პირი)

2017 წლის კრიზისი

2017 წელს ფაროსანას აქტიურობამ პიკს მოსავლის აღების პერიოდში მიაღწია. ამ დროს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა, რის გამოც ფაროსანამ პოლიტიკურ დისკუსიაშიც შეაღწია.

დაიწყო საპროტესტო აქციები მოსახლეობა ათასობით ლარის დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვდა. თხილის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად ქცევის გამო მოსახლეობამ პლატნაციების გაფართოვებისთვის კრედიტები აიღო, ახალი ტიპის მავნებელმა და სკოვანმა დაავადებებმა კი მათ დიდძალი ზარალი მიაყენა.

ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ირაკლი კაკულია მაშინ ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ მისი ძალისხმევის მიუხედავად მოსავალი გაუნადგურდა. კაკულიამ წინა წლებში 7-8 ტონა თხილი აიღო, 2017 წელს კი მხოლოდ 200 კილოს შეგროვება შეძლო.

“ერთხელ შეწამლეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ღამით აივანზე ვანთებ შუქს, კედლებზე წამალი მაქვს წასმული. წამალი მწერს კლავს. 1 შეწამლა 10 დღე მოქმედებს. აქ ყველას ვუთხარით, რომ ასე მოიქცნენ. ბევრი აკეთებს კიდეც. არ არის ცუდი ხერხი, მაგრამ 1 ლიტრი 70 ლარი ღირს. პრეპარატის კი არა, საჭმლის ფული ჭირს. მე 3000 ლარი დავხარჯე შეწამვლაზე, თხილის გაყიდვით კი 500 ლარიც ვერ ავიღე. წამლობა შველის სოკოვან დაავადებებს და ფაროსანასაც, მაგრამ ძალიან ბევრჯერ უნდა შეიწამლოს და ამას მოსახლეობა ვერ ახერხებს. ოჯახები, რომლებიც მხოლოდ თხილზე იყვნენ დამოკიდებული, დღეს უსახსროდ დარჩნენ. ამბობენ, სკოლებში ვერ გავუშვებთ ბავშვებსო. 50 პროცენტს საერთოდ არ აუღია მოსავალი. ვინც აიღო, 50 თეთრად, მაქსიმუმ ლარად ჩააბარა.”

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში 110 ათასი ჰექტარი დაამუშავა სხვადასხვა ტიპის საშუალებებით. სპეციალური კვამლის (ნისლის) გაფრქვევისთვის ავიაციაც გამოიყენეს.

სახელმწიფომ საინფორმაციო ბუკლეტები, ფერომონები და პრეპარატები 230,000 ოჯახს დაურიგა.

რას გააკეთებს სახელმწიფო 2018 წელს

მთავრობამ შეიძინა 160,000 ლიტრი ბიფენტრინი - აღნიშნული ქიმიკატი ევროპასა და აშშ-ში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება. ასევე შეძენილია 200,000 ლიტრი დეცის ფლუქსი, ეს ქიმიკატი სპეციალური კვამლის წარმოქმნისთვის გამოიყენება, რომლითაც ხე-ხილი და ნათესი ფართობები უნდა დამუშავდეს. ასევე შეძენილია 100,000 ცალი ფერომონიანი სატყუარა. სატყუარები აზიური ფაროსანაზე მოქმედ ფერომონებს გამოყოფენ, რითიც მავნებლებს იზიდავენ. სპეციალური სტრატეგიის მიხედვით, გამკაცრდება საბაჟო კონტროლიც, რათა ამ მავნებლის დამატებითი პოპულაციის შემოყვანა არ მოხდეს. 

ტაბულამ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინტერვიუ სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარ ფიტოსანიტართან, ზურაბ ლიპარტიასთან ჩაწერა.

რა ფართობის დამუშავება არის შესაძლებელი ახლა ნაყიდი პრეპარატებით, ეყოფა თუ არა ეს მოცულობა აღმოსავლეთ საქართველოსაც თუ მწერის გავრცელება ამ მიმართულებითაც დაფიქსირდება? ასევე დამუშავდება თუ არა მიტოვებული კარ-მიდამოები, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ ეს მიწები არ დამუშავდა ფაროსანებს გამრავლება შეეძელებათ

“ჩვენ იმ პრეპარატებით, რაც შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია დავამუშავოთ დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარის ტეროტირია. (შენიშვნა: 1 მილიონი ჰექტარი უდრის 10,000 კვადრატულ კილომეტრს, შედარებისთვის იმერეთის ფართობია 6,475 კვადრატული კილომეტრი).

ეს გათვლილია მთელ დასავლეთ საქართველოზე და იმ შემთხვევაზეც თუ მავნებელმა თავი აღმოსავლეთ საქართველოში იჩინა.

რაც შეეხება მიტოვებული კარ-მიდამოების საკითხს, ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეძენილი, მისი მეშვეობით დამუშავდება ყველაფერი, მიტოვებულიც და დასახლებული ნაკვეთებიც. რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს - ტექნოლოგიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მას აქვს ერთჯერადი გამანადგურებელი ეფექტი, ამიტომაც რომ არ შევაწუხოთ მოსახლეობა საჭიროა რამოდენიმეჯერ მოხდეს წამოლობა სხვადასხვა კულტურის. ოღონდ ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული მონიტორინგის საფუძველზე.”

როდის დაიწყება ბრძოლა და რატომ ელოდებით მავნებლის გაღვიძებას?

“სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია მწერის ბიოლოგიასა და კლიმატზე. ბუნებაში ახლაც ერთი ორი შეიძლება შეგვხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მასობრივად არის გავრცელებული. ასეთი სამუშაოებისთვის უფრო ხელსაყრელია პერიოდი, როდესაც ფაროსანა სამალავებიდან არის გამოსული, ეს არის აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მონიტორინგის სისტემაზე. თუ სისტემამ უფრო ადრიანად დააფიქსირა ფაროსანას პოპულაციის გამოღვიძება ჩვენ გავააქტიურებთ საწინააღმდეგო პროცესებს.”

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანსს გავრცელების რისკები თუ გაქვთ შესწავლილი და რას გააკეთებთ აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ?

"თეორიულად აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას რისკი უფრო დაბალია, ჯერ ერთი პლანტაციები და ნარგავები ძირითადად გატანილია მოსახლეობიდან გარეთ, როგორც იცით დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად საკარმიდამო ნაკვეთები აქვთ, აღმოსავლეთში კი სოფელს უფრო მეტად სხვა მოშორებულ პუნქტში აქვს ნარგავები. აღმოსავლეთ საქართველოში ინსექტიციდებისა და სხვა შხამ-ქიმიკატების გამოყენების პრაქტიკა უფრო მაღალია. უფრო მეტად ხდება იმ კულტურების წამლობა რაც აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ვიცით რომ ინტენსიურად ხდება ამ ფართობების დამუშავება.

შესაბამისად, შანსი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანა კულტურებს დააზიანებს შედარებით დაბალია. თუმცა გათვლილი გვაქვს გავრცელების შესაძლებლობაც და მზად ვართ ამისთვის.”

დაურიგდება თუ არა ეს საშუალებები მოსახლეობას თუ სურსათის სააგენტო თავად შეწამლის ამ ფართობებს?

“დეცის ფლუქსით ტერიტორიის დამუშავებას ჩვენ თითონ მოვახდენთ. ამისთვის 70 ერთეული თერმული ნისლის აგრეგატი გვაქვს შეძენილი. ასევე შეძენილი გვაქვს 70 მცირე მოცულობიანი შემასხურებელი, რომელიც დამონტაჟდება პიკაპებზე. პიკაპები შერჩეულია იმისთვის, რათა დროის მცირე მონაკვეთში შევძლოთ დიდი ფართობების მოცვა. სწორედ ეს არის ჩვენი სტრატეგიის ძირითადი მიზანი.”

როგორ მუშაობს ფერომონიანი დამჭერი, რატომ იქნა შეძენილი ეს დამჭერები ხაფანგის გარეშე, რა არის “მოიზიდე და მოკალი” სტრატეგია და აპრობირებლია თუ არა ის სხვა ქვეყნებში?

“ორი მიზნისთვის გამოიყენება ფერომონები. პირველი მიზანი არის მონიტორინგი, ანუ ფაროსანას პოპულაციაზე დაკვირვება. ამ მიზნისთვის გამოიყენება ფერომონები და დამჭერი ხაფანგები. ესენია წებოვანი ხაფანგები. ამით ჩვენ უნდა გავიგოთ გამოსულია თუ არა მავნებელი, საშუალოდ რა ზომისაა მათი პოპულაცია და სხვა.

მეორე კომპონენტი არის ე.წ. “მოიზიდე და მოკალი სტრატეგია” ამ დროს მხოლოდ ფერომონები გამოიყენება. ერთ ხეზე მაგრდება რამოდენიმე ფერომონი, ის ინტენსიურად იზიდავს მწერებს და კონკრეტულად ის ადგილი უნდა შეიწამლოს კვირაში ერთხელ.

ამ მიზნისთვის იქნა შეძენილი ფერომონები და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს მეთოდი გამოვიყენოთ ტყისთვის. ტყის პირებში და ისეთ ადგილებში სადაც არ შეიძლება ნარჩენი ეფექტის მქონე პრეპარატების (ბიფენტრინი) შესხურება.

რაც შეეხება ხაფანგს, ეს არის დამჭერი, სპეციალური წებოვანი ფირფიტა, რომელიც ორმხრივად წებოვანია და ის იზიდავს ფაროსანებს მასთან არესებული ფერომონით, იქ მისული ფაროსანები კი ეწეპებიან. ასეთი საშუალებები ჩვენ გვჭირდება იმიტომ რომ დავითვალოთ ფაროსანების პოპულაცია, შევაფასოთ მათი მდგომარეობა და განსვსაზღვროთ საჭიროა თუ არა დამატებითი ქიმიური პრეპარატების შეტანა, ან რამდენად იმოქმედა ტერიტორიაზე პრეპარატების გამოყენებამ.”

რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მიერ შეძენილი პრეპარატი დეცის ფლუქსი (ნაყიდია 200,000 ლიტრი) რა უპირატესობა აქვს მას ბიფენტრინთან შედარებით? რადგანაც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში ფაროსანასთან საბრძოლველად რეკომენდირებულია ბიფენტრინიანი ქიმიკატების გამოყენება. აქვთ თუ არა ბიფენტრინის გარდა სხვა ინსექტიციდებს აზიურ ფაროსანაზე გავლენა? როდის მოხდება ამ პრეპარატების გამოყენება?

“დეცის ფლუქსი პირეთროიდის ჯგუფის ინსექტიციდია, მისი აქტიური ნივთიერებაა დელტამეტრინი. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სწორედ პირეთროიდთა პრეპარატთა ჯგუფის, ასევე ნეონიკოტინოიდების ჯგუფის პრეპარატების გამოყენებაა რეკომენდირებული. ბიფენტრინიც პირეთროიდების ჯგუფის საშუალებაა.

აქ გასათვალისწინებელია რეზისტენტობის ჩამოყალიბების საკითხი, ამიტომაც არ არის რეკომენდირებული მხოლოდ ერთი ტიპის აქტიური  ნივთიერებით ბრძოლა. იმიტომ რომ მწერი არ მიეჩვიოს მხოლოდ ერთი ტიპის პრეპარატს და მისდამი რეზისტენტულობა არ გამოიმუშავოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქიმიური წამლობა არ არის გამოსავალი ამ მავნებელთან ბრძოლისთვის. აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც შეიცავს მექანიკურ ღონისძიებებს, ქიმიურ წამლობას, პოტენციური ბიოლოგიური მტრის შემოყვანას და ასე შემდეგ.

დეცის ფლუქსი (დელტამეტრინი) სპეციალური ნისლის წარმოებისთვის გამოიყენება, ეს მეთოდი გარემოს ნაკლებად აბინძურებს ვიდრე პირდაპირ ქიმიური მისხურება.

ამ მეთოდს ჩვენ 10 წელზე მეტია რაც ვიყენებთ. დასავლეთ საქართველოში ამ ტექნოლოგიით შევამცირეთ ამერიკული თეთრი პეპელის რიცხვოვნობა, ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ წვეთის ზომა არის 50 მიკრონზე უფრო მცრე და მასზე გრავიტაცია განსხვავებულად მოქმედებს, ის არ რჩება დასამუშავებულ ფართობზე, ნიადაგში, არ არის საშიში. ამიტომაც სოფლებში, იქ სადაც მოსახლეობაა, საკარმიდამო ნაკვეთებში ამ ტექნოლოგიით ვაპირებთ ამ ღონისძიების ჩატარებას.

ამ მეთოდს არ აქვს ნარჩენი ეფექტი და ის შედარებით უსაფრთხოა სხვა მეთოდებთან შედარებით.”

ბუნებრივი მტრის ძიებაში

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში ფაროსანას ბუნებრივი პარაზიტის შემოყვანას განიხილავს. საუბარია კრაზანისებრთა ოჯახის მინიატურულ წარმომადგენელ "სამურაი კრაზანაზე", იგივე "იაპონურ კრაზანაზე" ინგ. samurai wasp, ლათ. Trissolcus japonicus-ზე. "სამურაი კრაზანის" შემოყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოხდება არცერთი ორგანიზმის შემოყვანა, ისე რომ ამ ორგანიზმის გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასება და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება არ მოხდეს.

"სამურაის კრაზანა" აზიის რეგიონისთვის, ძირითადად ჩინეთის, კორეისა და იაპონიისთვისაა დამახასიათებელი. ის ფაროსანაზე პატარაა, ჩვეულებრივ 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. მართალია "სამურაი" კრაზანისებრთა ოჯახის წევრია, თუმცა ის აგრესიული არაა და ადამიანებს არ ერჩის.

უფრო დეტალურად სამურაის კრაზანის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.


ფოტო: USDA

აზიური ფაროსანას კვერცხიდან გამოჩეკილი სამურაი კრაზანა.

კომენტარები