სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმე

4 დასავლური ქვეყანა: რუსეთმა სკრიპალის მოწამლვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

"ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, 2018 წლის 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერში სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოვთქვამთ. ბრიტანელი პოლიციის ოფიცერიც, რომელიც ამ თავდასხმის დროს ასევე დაუცველი იყო, დღემდე სერიოზულადაა დაშავებული. ამასთან, ბევრი უდანაშაულო ბრიტანეთის მოქალაქის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სიმპათიას ყველა მათგანის მიმართ და აღტაცებას დიდი ბრიტანეთის პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ მათი უშიშარი პასუხისთვის. 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს სამხედრო დონის რუსული წარმოების ნერვული აგენტი [საწამლავი] ევროპაში პირველად გამოიყენეს. ეს გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტზე თავდასხმაა და მისი ნებისმიერი სახით გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს ქიმიური იარაღების შესახებ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ეს საფრთხეს უქმნის ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას. 

გაერთიანებულმა სამეფომ თავის მოკავშირეებს შეატყობინა, რომ დიდი ალბათობით, თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყო. ჩვენ ვიზიარებთ გაერთიანებული სამეფოს შეფასებას, რომ არ არსებობს მომხდარის უფრო დამაჯერებელი ახსნა და აღვნიშნავთ, რომ რუსეთის კრახი განიცადა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნაზე ლეგიტიმური პასუხის გაცემაში და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ დანაშაულში რუსეთის პასუხისმგებლობას. მოვუწოდებთ რუსეთს, პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც არსებობს სოლსბერში მომხდარ თავდასხმაზე. კონკრეტულად, რუსეთმა ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაციისათვის (OPCW) სრულად უნდა გაამჟღავნოს, რაში მდგომარეობს ე.წ ნოვიჩოკის პროგრამა.

ჩვენი წუხილი გაზრდილია რუსეთის წინა უპასუხისმგებლო საქციელის ფონზე. მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის" - წერია ევროპის ქვეყნების ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია, რათა სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისათვის რუსეთის მიერ შექმნილი ნერვული აგენტის გამოყენება გამოიძიონ.

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას აეხსნა თუ რატომ გამოიყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული იარაღი დადგენილ ვადაში არ უპასუხა. პრემიერმინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საპასუხო ქმედებები უნდა გამოაცხადონ.

გუშინ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

ამასთან, დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ვიზებზე შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს მაუწყებლობის შეჩერებას განიხილავს.

ოფიციალური მოსკოვი დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და გამოძიების მასალების გაცნობამდე ულტიმატუმზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები