საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

სერგეენკო: გუდაურში დაშავებული არც ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის

შსს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურში, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში 8 ადამიანი შეიყვანეს. დავით სერგეენკოს თქმით, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ორის არის საყურადღებო.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ერთი პაციენტი უკვე გაეწერა.

"ამ წუთის მდგომარეობით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში არის 7 პაციენტი. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის. ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, საშუალო სიმძიმის. გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკა სრულად არის აღჭურვილი და მომზადებული ასეთი შემთხვევებისთვის. ამ ორ პაციენტს, რომლებიც უკრაინის და შვედეთის მოქალაქეები არიან, გადმოვიყვანთ თბილისში. დანარჩენზე კიდევ ერთხელ მოხდება გადაფასება და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან დღეს გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა დასხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში", - განაცხადა შსს-მ.

კომენტარები