საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

ქუმსიშვილი საბაგიროზე: მწარმოებელი ხვალ თბილისში იქნება, ყველა დამნაშავე დაისჯება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უკვე დაუკავშირდნენ კომპანია "დეველოპმაიერს", რომელიც გუდაურში მწყობრიდან გამოსული საბაგიროს მწარმოებელია.

"ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში", - ამბობს დიმიტრი ქუმისშვილი.

მისივე განცხადებით, მოიწვევენ საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, რადგან "მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული".

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საბაგირო გზა ყველა სტანდარტის დაცვით დეკემბრის ბოლოს შემოწმდა.

"თუმცა ამას აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ შემთხვევა მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება", - ამბობს ის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 3 არის უკრაინის მოქალაქე, 4 რუსეთის, ხოლო 1 შვედეთის.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან დღეს გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში 8 ადამიანი შეიყვანეს. დავით სერგეენკოს თქმით, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ორის, რომლებიც უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების არიან, არის საყურადღებო. ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ერთი პაციენტი უკვე გაეწერა.

ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეების გადმოსაყვანად გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაფრინდა, თუმცა, უამინდობის გამო, პაციენტები თბილისში რეანომობილით გადმოჰყავთ.

ცნობილია ისიც, რომ დაშავებულების მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად აანაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ კურორტი გუდაური შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" ეკუთვნის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

კომპანია რომელიც 2013 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ დაარსდა, 2014 წლამდე მოხსენიებულია როგორც შპს "გუდაურის განვითარების სააგენტო". 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს.

2014 წლის ივლისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით ბაკურიანის ერთ-ერთი სასრიალო არეალი - დიდველი მენეჯმენტში გადაეცა კომპანიას. 2015 წელს კომპანიას ასევე მმართველობაში გადაეცა კურორტი გოდერძი. კურორტი პირველად კომპანიის მართვაში გადასვლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

2017 წლისათვის შპს "საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია" მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია).

კომენტარები